ვების ტელესკოპმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი აღმოაჩინა
WASP-96b გახლავთ გიგანტური პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. ის ძირითადად აირისგანაა შედგენილი და დედამიწისგან 1 150 სინათლის წლის დისტანციაზე მოძრაობს. ციური სხეული ყვითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება და ორბიტაზე თითოჯერ შემოვლას 3.4 დღეს ანდომებს. ამ ეგზოპლანეტის მასა იუპიტერის მასის ნახევარს შეადგენს. მისი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 2014 წელს განაცხადეს.
დღეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სამეცნიერო მონაცემების გასაჯაროვებისას NASA-მ ამ ეგზოპლანეტის სპექტრის ანალიზის შედეგები წარგვიდგინა. მეცნიერთა თქმით, სპექტრულმა მონაცემებმა WASP-96b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი გამოავლინა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ იქ ღღუბლები არ იყო. ეს მშობელი ვარსკვლავის სინათლის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად მიღებული სპექტრის ანალიზის შედეგად დადგინდა. ეს აქამდე არსებულთაგან ეგზოპლანეტის ყველაზე დეტალური სპექტრული მონაცემებია.
ფონად წარმოდგენილი სურათი ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება არაა.
კომენტარები