ხელოვნური ინტელექტი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობებს დაადგენს
ცოტა ხნის წინ FIFA-მ დააანონსა, რომ გამოიყენებს AI კამერებსა და სენსორებს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობები მაღალი სიზუსტით დადგინდეს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელოვნური ინტელექტი მსაჯებს უფრო მეტ და ზუსტ მონაცემს მიაწვდის სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ეს ნახევრად ავტომატური სისტემა შედგება ბურთში მოთავსებული სენსორისგან, რომელიც წამში 500-ჯერ აფიქსირებს ბურთის პოზიციას და სტადიონის გარშემო დამონტაჟებული 12 კამერისგან. ამ ერთგვარ სათვალთვალო კამერებში მანქანური დასწავლის ტექნოლოგიაა გამოყენებული, იმისათვის რომ მოთამაშეთა სხეულებზე 29 წერტილს დააკვირდნენ.
პროგრამა ბურთის სენსორისგან და 12 კამერისგან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ამ გზით აგენერირებს განგაშის სიგნალებს, იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეები წესებს არღვევენ. უფრო კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, ყურადღება მახვილდება თამაშგარე მდგომარეობებზე, ანუ შემთხვევებზე, როცა ფეხბურთელი მოწინააღმდეგის კართან მცველზე ახლოს დგას და თანაგუნდელისგან პასს ამის შემდეგ იღებს. განგაში საკონტროლო ოთახში მყოფ ადამიანებს ეგზავნებათ, რომლებიც გადაწყვეტილებას ამოწმებენ და ატყობინებენ მსაჯებს, რა მოიმოქმედონ.
FIFA ირწმუნება, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად, სულ რამდენიმე წამში გაივლის და მათი თქმით, "ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით".
გარდა ამისა, ბურთის სენსორისა და კამერებისგან გენერირებულ მონაცემებს გამოიყენებენ ავტომატური 3D ანიმაციების შესაქმნელად, რომელიც სტადიონის ეკრანებსა თუ ტელევიზიით ტრანსლირებისას გავა. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით "მაყურებელის ინფორმირება ყველაზე ცხადი გზით მოხდეს".
ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა FIFA თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. 2018-ში ასოციაციამ VAR წარადგინა, ერთგვარი ვიდეოასისტენტი, რომელიც საშუალებას აძლევდა მსაჯებს კონკრეტული სიტუაცია სხვადასხვა მხრიდან დაენახათ.
FIFA-ს პრეზიდენტი, ჯიანი ინფანტინო ამბობს: "ეს ტექნოლოგია არის სამწლიანი განუწყვეტელი კვლევისა და ტესტირების შედეგი, იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილება შეგვექმნა როგორც გუნდებისთვის, ასევე მოთამაშებიისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. FIFA ამაყია გაწეული სამუშაოს გამო, რადგან მოველით, რომ სამყარო დაინახავს ნახევრად ავტომატური თამაშგარე ტექნოლოგიის სარგებელს FIFA World Cup 2022-ზე".
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართება და იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში, რომელიც არაბულ ქვეყანაში ტარდება. ამ გეოგრაფიული არეალისთვის დამახასიათებელი სიცხის გამო, ჩემპიონატი უჩვეულო დროს, ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.
კომენტარები