Google აბორტთან დაკავშირებულ მონაცემებს ისტორიიდან ავტომატურად ამოშლის
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google წაშლის იმის დამადასტურებელ სამომხმარებლო მონაცემებს, რომ პაციენტი აბორტისათვის განკუთვნილ დაწესებულებას ეწვია. განცხადება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აბორტის ფედერალური უფლების აკრძალვას გულისხმობს.
"დღეს გვინდა გაცნობოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სისტემა აღმოაჩენს, რომ ვინმე ერთ-ერთ ასეთ ადგილს ეწვია, მონაცემებს მდებარეობის ისტორიიდან ვიზიტიდან მალევე წავშლით", — წერს Google-ის უფროსი ვიცეპრეზიდენტი ჯენ ფიცპატრიკი კომპანიის ბლოგპოსტში — "ცვლილება მომდევნო კვირებში ამოქმედდება".
აქტივისტები ფიქრობენ, მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მთავრობა პირადი ინფორმაციის შემოკრებას დაიწყებს, რათა აბორტის პროცესში მონაწილეობის მიმღები პირები დასაჯოს. საგულისხმოა, რომ ამერიკის მინიმუმ 2 შტატის ხელისუფლებამ ძებნის ისტორიის მონაცემები უკვე გამოიყენა ქალების წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად.
როგორც ჩანს, ფეხმძიმე ამერიკელთათვის ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაც აღარ არის უსაფრთხო გადაწყვეტილება. მართალია, კომპანია Google ადგილმდებარეობისა და ძიების ისტორიის წაშლას გვპირდება, თუმცა ჯერაც დაუზუსტებელია, რამდენად სწრაფი იქნება რეაგირება და როდის ამოქმედდება ცვლილება.
კომენტარები