YouTube სპამერებთან საბრძოლველად ახალ ფუნქციებს ამატებს
YouTube-ს უკვე დიდი ხანია, სპამების გამავრცელებელ ყალბ ანგარიშებთან გამკლავება უწევს. ბოლო დროს, ამაზე პლატფორმის მომხმარებლებიც ალაპარაკდნენ, მაგალითად MKBHD და Jacksepticeye, რომლებიც აღნიშნულ სოციალურ მედიაში პოპულარობით სარგებლობენ.
ვიდეოებში ისინი ამბობენ, რომ კომენტარებში ერთი და იმავე ანგარიშიდან დაწერილი უამრავი სპამი ხვდებათ, რომელშიც არარსებულ ჯილდოებსა და საჩუქრებზეა საუბარი. ასე სპამერები ადამიანების მახეში გაბმას ცდილობენ. YouTube-ს ეს საჩივრები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და საპასუხოდ ახალ ფუნქციებს ამატებს.
პირველ რიგში, ანგარიშის მფლობელები ვეღარ შეძლებენ, რომ გამომწერთა რაოდენობა დამალონ, რასაც სპამერები სათავისოდ იყენებენ. საქმე იმაშია, რომ ამ ველში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადვილი მისახვედრია, ნამდვილ ადამიანთან გვაქვს საქმე თუ ყალბ გვერდთან.
მეორე ცვლილება სახელებში კონკრეტული სიმბოლოების რაოდენობის შეზღუდვაში მდგომარეობს. თაღლითები ხშირად სწორედ ისეთი სახელებით ინიღბებიან, რომელიც ოფიციალურს წააგავს, მაგალითად, “¥ouⓉube” ნამდვილი YouTube-ს ნაცვლად. თუმცა, ამიერიდან მსგავსი რამ უკვე გაუჭირდებათ.
მესამე და ბოლო ფუნქცია კრეატორების მიერ კომენტარების უფრო მკაცრი კონტროლია. კერძოდ, შეგიძლიათ, პარამეტრებში “held for review” ველში “increase strictness” მიუთითოთ, რაც სპამების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გააქრობს, ასე რომ ყურადღებით უნდა იყოთ.
კომენტარები