მშვიდობით, ტკივილო! — შექმნეს იმპლანტი, რომელსაც ფიზიკური ტკივილის მოხსნა შეუძლია
მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკას მოგვაგონებს: პატარა, რბილი, მოქნილი იმპლანტი, ხსნის ტკივილს, წამლების გამოყენების გარეშე.
ბიოთავსებად, წყალში ხსნად მოწყობილობას შეუძლია ოპიოიდების და სხვა ტკივილ გამაყუჩებელი ნარკოტიკული საშუალებების ჩანაცვლება. მკვლევრების აზრით, მოწყობილობა შეიძლება იყოს უაღრესად ღირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ოპერაციები და ამპუტაციები. ქირურგებს შეეძლებათ მოწყობილობის იმპლანტაცია პროცედურის დროს, რათა მართონ პაციენტის პოსტოპერაციული ტკივილი.
კვლევა, ჟურნალ Science-ის 1 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა, სადაც აღწერილია მოწყობილობის დიზაინი და ეფექტიანობა.
მოწყობილობა იყენებს მარტივ მექანიზმს
"მიუხედავად იმისა, რომ ოპიოიდები ძალზე ეფექტურია, მათზე დამოკიდებულების გაჩენაც მარტივია. როგორც ინჟინრები, ჩვენ მოტივირებული ვართ შევიმუშაოთ მეთოდი, რითაც ტკივილს წამლების გარეშე ვუმკურნალებთ. მისი ჩართვა და გამორთვა შეგეძლებათ მყისიერად, მომხმარებლის საჭიროების მიხედვით. იმპლანტი გამოვიკვლიეთ ცხოველებზე და მშვენივრად მუშაობს", — თქვა ჯონ ა. როჯერსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მოწყობილობის შემუშავებას.
და მაინც, როგორ მუშაობს?
იმპლანტი იყენებს მარტივ კონცეფციას — აორთქლებას. ის შეიცავს თხევად გამაგრილებელს, რომელიც ორთქლდება ნერვის კონკრეტულ ადგილას. უფრო ზუსტად, ის კონკრეტული ნერვის გარშემო "ეხვევა" და მის გაგრილებას ახდენს. ეს კი ტვინისკენ მიმავალ ტკივილის სიგნალს ახშობს. მას შემდეგ რაც მოწყობილობის საჭიროება ქრება, ის ბუნებრივად და უვნებლად შეიწოვება სხეულში.
ფურცლის სისქეზე თხელი, ელასტიური იმპლანტი იდეალურია ძალიან მგრძნობიარე ნერვების სამკურნალოდ.
"ჩვენ სპეციალურად ვუმიზნებთ პერიფერიულ ნერვებს, რომლებიც აკავშირებენ თავის ტვინსა და ზურგის ტვინს დანარჩენ სხეულთან. ეს არის ნერვები, რომლებიც დაკავშირებულია სენსორულ სტიმულებთან, მათ შორის ტკივილთან. გამაგრილებელი ეფექტის მიწოდებით მხოლოდ ერთ ან ორ მიზანმიმართულ ნერვზე, ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად მოვახდინოთ ტკივილის სიგნალების მოდულირება სხეულის ერთ კონკრეტულ რეგიონში", — ამბობენ მკვლევრები.
მოჰყვება ინტეგრირებული სენსორი ნერვის ტემპერატურის მონიტორინგისთვის
მოწყობილობა მოიცავს პაწაწინა თხევად არხებს გაგრილების ეფექტის გამოსაწვევად. ერთი არხი შეიცავს თხევად გამაგრილებელ პერფტორპენტანს, ხოლო მეორე მშრალ აზოტს. როდესაც სითხე და აირი მიედინება საერთო არხში, ხდება რეაქცია, რომელიც იწვევს სითხის დაუყოვნებლივ აორთქლებას. ამის პარალელურად, პატარა ინტეგრირებული სენსორი აკონტროლებს ნერვის ტემპერატურას, რათა ის ზედმეტად არ გაცივდეს, რამაც შეიძლება დააზიანოს ქსოვილი.
აქამდე არსებულ გამაგრილებელ თერაპიასა და ნერვის ბლოკატორებს აქვთ შეზღუდვები, რომლებსაც ახალი მოწყობილობა ლახავს. ეს პაწაწინა მოწყობილობა სულ რაღაც ხუთი მილიმეტრის სიგანისაა და ზუსტად მიზნად ისახავს მხოლოდ დაზარალებულ ნერვებს. ეს იცავს მიმდებარე ტერიტორიებს არასაჭირო გაგრილებისგან.
"სხვა სისტემებს შეიძლება დაებლოკათ საჭირო ნერვული დაბოლოებები, რომლებიც მაგალითად აკონტროლებენ მოტორიკას. ჩვენი იმპლანტი ამ მხრივ გამორჩეულია და მას კონკრეტული ნერვის ზუსტად მიზანში ამოღება შეუძლია", — ამბობენ მკვლევრები.
საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება ტკივილის კონტროლი შეგვაძლებინოს. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ტკივილის ფუნქციის ჩართვა და გამორთვა თქვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
კომენტარები