აი, როგორი სათაურია უფრო მომგებიანი Facebook-ზე მეტი გაზიარების დასაგროვებლად!!!
მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე დღის განმავლობაში უამრავი სტატია გხვდებათ. ალბათ, ამ ტექსტსაც იქ გადააწყდით. შესაძლოა, სათაურმა თქვენი ყურადღება მიიქციოს, მაგრამ რეაქცია არ გამოხატოთ, არც მეგობარს გაუზიაროთ და არც კომენტარი დაწეროთ. თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომლებიც დაინტერესებას აორმაგებს.
ამ ხრიკების გამოსავლენად, გერმანელმა მეცნიერებმა 2017 წლის დეკემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში არსებული მსხვილი გამოცემების მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული 4 400 ახალი ამბავი გააანალიზეს. კერძოდ, მოწონებების, გაზიარებებისა და კომენტარების რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტი მოცვა ისეთ სათაურებს ჰქონდა, რომლებშიც უჩვეულო პუნქტუაცია ერია, მაგალითად, "..." ან "!!!" (ძახილის ნიშნები ამ სტატიის სათაურში სპეციალურად გამოვიყენეთ. შედეგი ერთად ვნახოთ). მსგავსი სასვენი ნიშნების წყალობით, მომხმარებელთა უკუკავშირი დანარჩენი სიახლეებისას 2.5-ჯერ აღემატებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდის გამოყენება პოსტის აღწერაში არ ამართლებდა.
ასევე, დადგინდა, რომ გრძელი სათაურები კომენტარების რაოდენობაზე უარყოფითად მოქმედებდა (24 პროცენტით ნაკლები კომენტარი), რეაქციებსა და გაზიარებებზე კი არ ჰქონდა გავლენა. სათაურში გრძელი სიტყვების გამოყენება უკუკავშირს ამცირებდა, ხოლო აღწერაში — ზრდიდა.
მნიშვნელოვანია, რომ მკითხველის მიზიდვაზე ორიენტირებული ისეთი გავრცელებული ფრაზები, როგორიცაა "ეს გაგაოცებთ", უკუკავშირზე ცუდად აისახებოდა, კითხვის ფორმით დაწერილი სათაურები კი არაფერს ცვლიდა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ტექსტს დაეყრდნნენ, თუმცა მას შემდეგ 5 წელი გავიდა და პოსტებში ვიზუალური მასალა სულ უფრო ხშირად გვხვდება. ასევე, ისინი მედიას მოუწოდებენ, რომ რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე გაამახვილონ ყურადღება და ყველა სათაური პუნქტუაციურად არ დატვირთონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები