ინოვაცია: ჩასაცმელი კუნთები — ახალი ეგზოკოსტიუმი, რომელიც ძალას შეგმატებთ
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი ეგზოკოსტიუმი შექმნეს, რომელიც, მორგების შემთხვევაში, მომხმარებელს კუნთების დამატებითი ფენით უზრუნველყოფს.
ჩასაცმელის შექმნის მიზანია, ძალების აღდგენაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც მოძრაობა აქვთ შეზღუდული. მეცნიერების თქმით, კოსტიუმის ადრეულმა გამოცდებმა უკვე მისი არაერთი პოტენციური გამოყენება აჩვენა.
რბილი "ჩასაცმელი ეგზოკუნთი", რომელსაც Myoshirt ეწოდება, ავტომატურად გამოავლენს, თუ რა მოძრაობის შესრულება უნდა მომხმარებელს და აქტივატორების საშუალებით დატვირთვის ნაწილს საკუთარ თავზე იღებს.
ყუთი, რომელშიც ჩასაცმელის ელექტრონიკაა მოთავსებული, სულ რაღაც 3.6 კგ-ს იწონის, თვითონ კოსტიუმი კი, მკვლევრების თქმით, საკმარისად თხელია იმისთვის, რომ მომხმარებელმა მისი ტარება ტანსაცმლის შიგნიდან შეძლოს.
"მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებს არაერთი კარგი თერაპიული მოწყობილობა აქვთ, ისინი ხშირად ძვირი და მოუხერხებელია", — განაცხადა მარია გეორგარაკისმა, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის დოქტორატმა და ახალი მოხსენების ავტორმა კოსტიუმის შესახებ, რომელიც ჟურნალ Nature Machine Intelligence-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა კოსტიუმის ეფექტიანობის შესამოწმებლად 12 მონაწილეზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათგან 10-ს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, ერთს კუნთების დისტროფია ჰქონდა, ერთს კი — ზურგის ტვინის დაზიანება. ეგზოკუნთების საშუალებით მათ მკლავების აწევა ბევრად დიდი ხნით შეძლეს.
კუნთების დისტროფიის მქონე პაციენტს ეგზოჩონჩხმა საშუალება მისცა, გამძლეობა 60%-ით გაეზარდა. ზურგის ტვინის დაზიანების მქონე მონაწილემ კოსტიუმის საშუალებით დავალებების შესრულება იმაზე სამჯერ მეტი ხნით შეძლო, ვიდრე ჩვეულებრივ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეგზოჩონჩის ექსპერიმენტმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. შემდეგ ეტაპზე გუნდს ეგზოჩონჩხის გამოცდა რეალურ გარემოში, ლაბორატორიის გარეთ უნდა.
კომენტარები