ელექტრონული ტატუს გაკეთებით არტერიული წნევის მონიტორინგი შეგიძლიათ
არტერიული წნევა გულის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, კლინიკური გარემოს გარეთ მისი ზუსტად გაზომვა რთულია. ათწლეულების განმავლობაში, ამისთვის მანჟეტებზე დაფუძნებულ მოწყობილობებს იყენებდნენ. თუმცა, ახლა, ტეხასის უნივერსიტეტის ოსტინის მკვლევრებმა შეიმუშავეს ელექტრონული ტატუ, რომელიც შეიძლება კომფორტულად განითავსოთ მაჯაზე. და ჰოი საოცრებავ, ტატუ თქვენს არტერიულ წნევას მუდმივად კონტროლის ქვეშ ამყოფებს. მეტიც, ის სიზუსტით დღეს ბაზარზე არსებულ ყველა მსგავს საშუალებას ჯობია.
"არტერიული წნევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი ჯანმრთელობის გასაზომად. თუმცა, მისი ზუსტად გაზომვა სირთულეებთანაა დაკავშირებული", — თქვა დეჯი აკინვანდემ, UT Austin-ის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა და პროექტის ერთ-ერთმა ლიდერმა.
აკინვანდესი და მისი კოლოგების ნაშრომი Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.
არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სერიოზული დაავადებები, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ.
"არტერიული წნევის გაზომვას ბევრი სირთულე მოჰყვება", — თქვა რუზბე ჯაფარიმ, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და ელექტროინჟინერიის პროფესორმა.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, ელექტრონული ტატუს უწყვეტი მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ გაზომოთ არტერიული წნევა ყველა სახის სიტუაციაში: მაღალი სტრესის, ძილის, ვარჯიშის დროს და ა.შ.
ჯანმრთელობის მონიტორინგის ხელსაწყოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო წლებში, ძირითადად ისეთი ტექნოლოგიების გამო, როგორიცაა ჭკვიანი საათები. თუმცა, საუკეთესო ჭკვიანი საათებიც არაა ჯერ მზად არტერიული წნევის მონიტორინგისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ საათები მაჯაზე სრიალებს, რაც ართულებს ზუსტი მონაცემების მიწოდებას.
გრაფენი კი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და თხელი მასალა, რომელიც არსებობს და ის არის ელექტრონული ტატუს მთავარი ინგრედიენტი.
ელექტრონული ტატუ არტერიული წნევის მონიტორინგისთვის იდეალური საშუალებაა, რადგან ისინი მოთავსებულია წებოვან, ელასტიურ მასალაში. ეს მოიცავს სენსორებს, რომლებიც კომფორტულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტარებისთვის და არც სრიალებს.
მოწყობილობა მონაცემებს იღებს კანში ელექტრული დენის გაშვებით და შემდეგ სხეულის რეაქციის ანალიზით, რაც ცნობილია როგორც ბიოიმპედანცია. არსებობს კორელაცია ბიოიმპედანციასა და არტერიული წნევის ცვლილებას შორის, რაც დაკავშირებულია სისხლის მოცულობის ცვლილებასთან.
ახლა კი მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური კომპიუტერული მოდელი, რათა გაეანალიზებინათ კავშირი არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებლების მისაღებად.
"მედიცინაში, მანჟეტის გარეშე არტერიული წნევის მონიტორინგი არის წმინდა გრაალი. ამ მხრივ ელექტრონული ტატუ შეიძლება იყოს უმნიშვნელოვანესი", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები