საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა რუსული სატელიტის ნარჩენთან შეჯახების საფრთხე აიცილა
მიმდინარე წლის 16 ივნისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუგეგმავი მანევრირება მოუწია, რათა რუსული სატელიტის ნარჩენთან შეჯახების საფრთხე აეცილებინა თავიდან. დედამიწის გარშემო მოძრავმა ლაბორატორიამ ეს წარმატებით მოახერხა.
აღნიშნული ნარჩენი საბჭოთა კავშირის დროინდელ ხელოვნურ თანამგზავრ Kosmos 1408-ს ეკუთვნის, რომელიც ქვეყანამ ანტისატელიტური იარაღის გამოცდისას 2021 წლის ნოემბერში გაანადგურა. მისი ნაწილები ორბიტაზე გაიფანტა და ერთ-ერთი მათგანი ახლახან ISS-სთან ახლო მანძილზე გამოჩნდა.
ამ შემთხვევაში, რუსეთმა მის მიერვე შექმნილი პრობლემა თავადვე მოაგვარა და სადგურზე მიმაგრებული სატვირთო ხომალდის Progress 81 ძრავები 4 წუთითა და 34 წამით აამუშავა, რის შედეგადაც ISS-ს ტრაექტორია შეუცვალა. ამის ამსახველი კადრები ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ, როსკოსმოსმა,Telegram-ზე გაავრცელა.
მომხდარს როსკოსმოსის ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინიც გამოეხმაურა, რომელმაც იმავე პლატფორმაზე პოსტი გამოაქვეყნა და ზემოხსენებული ფაქტი დაადასტურა.
NASA-ში აცხადებენ, რომ შეჯახება, დიდი ალბათობით, არ მოხდებოდა და Kosmos 1408-ის ფრაგმენტი ასობით მეტრის მოშორებით ჩაივლიდა, თუმცა მანევრი ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაინც აუცილებელი იყო.
ამის მიუხედავად, უკანასკნელი მოვლენა ორბიტულ ნარჩენებთან დაკავშირებულ საფრთხეებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, ფუნქციონირების დასრულებამდე, ძველი სატელიტების ფრაგმენტების გამო, მსგავსი მანევრირება არაერთხელ მოუწევს.
კომენტარები