მარსის როვერმა უცნაური ვერცხლისფერი ობიექტი დააფიქსირა
არა, ეს მარსზე ცივილიზაციის არსებობის დასტური არაა.
13 ივნისს, NASA-ს Perseverance როვერმა წითელ პლანეტაზე სეირნობისას ორ ქვას შორის გაჭედილი ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი ობიექტი დააფიქსირა.
როვერის გუნდი აცხადებს, რომ ეს "ნაგავი" წარმოშობით დედამიწიდანაა.
"ჩემმა გუნდმა რაღაც უცნაური შენიშნა: თერმული საფარის ნაგლეჯი, რომელიც სავარაუდოდ 2021-ში დაშვებისას მომძვრა", — როვერის გაპიროვნებით აცხადებს Perseverance-ის ჯგუფი ოფიციალურ ტვიტერზე. "ბრჭყვიალა ნაგლეჯი თერმული საფარია — მატერია, რომელიც ტემპერატურის რეგულირებაში გამოიყენება. უცნაურია, ის რომ აქ აღმოჩნდა — მე აქედან დაახლოებით ორ კილომეტრში დავეშვი. ნეტავ ნაგლეჯი აქ მერე ჩამოვარდა თუ ქარმა გადმოისროლა?
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Perseverance-ის ნაწილები ფოტოკამერის ობიექტივში მოხვდა. 19 აპრილს, NASA-ს შვეულმფრენმა Ingenuity-მ როვერის უკანა საფარს და პარაშუტს გადაუღო ფოტოები.
საჰაერო ფოტოგრაფია ინჟინრებს საფარისა და პარაშუტის მდგომარეობის შეფასებაში დაეხმარა, რაც მათ აძლევს ცოდნას, რომელსაც მარსზე სამომავლო მისიებში გამოიყენებენ.
Perseverance ამჟამად მარსის ჯეზერო დელტას რეგიონში "მოღვაწეობს". მრავალი მილიარდი წლის წინ, კრატერ ჯეზეროში მდინარის დელტა იყო, ამიტომაც ეს იდეალური ადგილია სიცოცხლის უძველესი ნიშნების საძებნელად.
როვერმა ბევრი საინტერესო ფოტო გადაიღო. გასულ შაბათ კვირას, მაგალითად, Perseverance-მა ფოტო გადაუღო მარსის ჯეზერო დელტას რეგიონში არსებულ ქვათა ფორმირებას, რომელიც პირდაფჩენილ გველს წააგავს.
კომენტარები