ნანატრი მომენტი ახლოვდება — როდის შედგება რაკეტა Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა?
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, როდის უნდა ველოდოთ ისტორიული მნიშვნელობის რაკეტა Starship-ის პირველ ორბიტულ საცდელ ფრენას.
"Starship ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება", — ამბობს მილიარდერი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პროგრესს მთელი ღამის განმავლობაში განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ მთვარესა და მარსზე მისიების განსახორციელებლად შექმნილი ხომალდის დებიუტი უკვე მრავალჯერ გადაიდო, რაც დიდწილად სპეციალური მარეგულირებელი ორგანოს, აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) ნებართვის არქონით იყო განპირობებული. საბოლოო დასტური კომპანიას ჯერაც არ მიუღია, თუმცა ახლახან FAA-მ არანაკლებ მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც გარემოზე ფრენების ზემოქმედების შეფასებას ეხება.
მართალია, SpaceX-ს სამუშაოების გაგრძელება უკვე შეუძლია, მაგრამ ადმინისტრაციამ მას ადგილობრივი ეკოსისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა პუნქტის შესრულება დაავალა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Starship-ს სამხრეთ ტეხასში არსებული კოსმოდრომიდან გაუშვებენ, ის ორბიტაზე ავა, შემდეგ კი ისევ ატმოსფეროში შემოიჭრება და ჰავაიზე განლაგებულ დასაჯდომ მოდულზე დაეშვება.
ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
მასკი ამბობს, რომ აგვისტოში მეორე ფრენისთვისაც მზად იქნებიან და ამას ყოველთვიური ხასიათი ექნება.
"პირველად ისტორიაში, გვაქვს რაკეტა, რომელიც მთვარესა და მარსზე მუდმივი ბაზების შექმნაში დაგვეხმარება", — აცხადებს ბიზნესმენი.
კომენტარები