მასკის კომპანიის რაკეტა Starship პირველ ორბიტულ ფრენას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის რაკეტა Starship პირველ ორბიტულ საცდელ ფრენას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. SpaceX-მა სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან, აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA), ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კოსმოდრომ Starbase-ის მიმდებარედ ხომალდზე მუშაობის გაგრძელების ნებართვა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამ აპარატით, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანების მარსზე გაშვება იგეგმება.
FAA-ს უნდა შეეფასებინა, რა გავლენა ექნება კომპანიის საცდელ ფრენებს გარემოზე, კერძოდ, სამხრეთ ტეხასის სანაპიროს მიმდებარედ არსებულ. ეკოსისტემაზე. დასკვნა, წესით, გასულ წელს უნდა დადებულიყო, თუმცა თარიღმა ბევრჯერ გადაიწია, რადგან საქმეში სხვა სააგენტოებიც ჩაერთო. გაითვალისწინეს საზოგადოების აზრიც.
აღნიშნულ მოვლენას SpaceX საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.
იმისათვის, რომ კოსმოდრომის მახლობლად ბიომრავალფეროვნებასა და მცენარეულ საფარს ზიანი არ მიადგეს, კომპანიამ 75-ზე მეტი პუნქტი უნდა შეასრულოს. ამით რაიმე საფრთხის რისკი შეძლებისდაგვარად შემცირდება. ასევე, რაკეტის გაშვებისას ავტომაგისტრალის დროებით გადაკეტვის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს, რათა სანაპიროზე ან პარკში მიმავალ ადამიანებს გადაადგილება დიდი ხნით არ შეეზღუდოთ. წინასწარ განსაზღვრულია 18 დღესასწაული, როცა გზაზე მოძრაობა არ შეწყდება. ეს დაშვებულია წელიწადში მხოლოდ 5 შაბათ-კვირას.
ასევე, იხილეთ: მასკმა Starship-ს თანამედროვე "ნოეს კიდობანი" უწოდა — გეგმები რაკეტაზე, რომლითაც მარსზე წავალთ
ამასთან, SpaceX-მა ბიოლოგებს ეკოსისტემაზე დაკვირვების საშუალება უნდა მისცეს, ხმაურიანი აქტივობების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილოს და კოსმოდრომის განათების სისტემა უფრო ეკომეგობრული გახადოს.
Starship მრავალჯერადი გამოყენების ხომალდია, რომლითაც მარსის კოლონიზაცია იგეგმება. მანამდე ის NASA-ს მთვარის პროგრამა არტემისში მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება მისი პირველი ორბიტული ფრენა, რომლისთვისაც FAA-მ საბოლოო ნებართვა უნდა გასცეს.
კომენტარები