NASA მთვარეზე არსებული უჩვეულო "გუმბათების" შესწავლას გეგმავს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) პროგრამა არტემისის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გაშვებას და იქ ბაზის შექმნას ისახავს მიზნად, რაც მარსისკენაც გაგვიკვალავს გზას. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან მისიების განმავლობაში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამისთვის იქ მრავალი ხელსაწყოს გაგზავნა იგეგმება, მათ შორისაა Lunar-VISE და LEIA. პირველი მთვარეზე არსებულ უჩვეულო გეოლოგიურ წარმონაქმნებზე, "გრუიტუიზენის გუმბათებზე" კონცენტრირდება და მათი ფორმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება.
რაც შეეხება მეორე ხელსაწყოს, მისი დახმარებით საფუარი სოკოების სახეობაზე Saccharomyces cerevisiae ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სუსტი გრავიტაციისა და რადიაციული გარემოს გავლენას დააკვირდებიან.
Lunar-VISE ზემოხსენებულ ვულკანურ "გუმბათებს" 10 დღის განმავლობაში შეისწავლის. ვარაუდობენ, რომ მათი გაჩენა სილიციუმის დიოქსიდით მდიდარ მაგმას უკავშირდება, რომელიც შემადგენლობით გრანიტს ჰგავს. საინტერესო ისაა, რომ ისინი წყლისა და ტექტონიკური ფილების აქტიურობის გარეშე წარმოიქმნა. ასტრონომებს სურთ გაიგონ, რა პროცესების შედეგად მოხდა ეს.
NASA-ს მიერ მთვარეზე გაშვებული აპარატის Lunar Reconnaissance Orbiter მონაცემებით, აღნიშნული გეოლოგიური ენიგმა, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, იმითაცაა გამორჩეული, რომ მიმდებარე არეალში არსებული ზედაპირისგან განსხვავებულია. კერძოდ, ეს ტერიტორია უძველესი, გამყარებული ბაზალტური ლავითაა დაფარული. უნდა ითქვას, რომ სილიციუმის დიოქსიდით მდიდარი ლავა იშვიათი არაა, რადგან ის დედამიწაზეც გვხვდება, მაგრამ მისი ფორმირება წყლისა და ტექტონიკური ფილების გარეშე წარმოუდგენელია.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პროგრამა არტემისის ფარგლებში შეძლებენ.
კომენტარები