რატომაა მთქნარება გადამდები? — კვლევა
ყველასთვის ცნობილია, რომ მთქნარება ძალიან, ძალიან გადამდებია. საკმარისია, თქვენ გვერდით მდგომმა ადამიანმა და, თუნდაც, ძაღლმა ან კატამ დაამთქნაროს, რომ იგივე გაიმეოროთ. ზოგჯერ კი ამისთვის მსგავსი მოძრაობის ამსახველი ვიდეო ან ფოტოც კი კმარა.
ეს უჩვეულო მოვლენა ცხოველთა ბევრ სახეობაში ფიქსირდება და ნევროლოგიის, ფსიქოლოგიისა თუ სოციალური ქცევების შემსწავლელი მეცნიერებისთვის ინტერესის ობიექტია. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი კვლევაა ჩატარებული. გამოცემაში Animal Behavior გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორმა, ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტმა, ენდრიუ გალაპმა, ეს მონაცემები შეაჯერა და ახსნითი მოდელი შემოგვთავაზა.
კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მთქნარება ცხოველთა ჯგუფებს ქცევის სინქრონიზებაში ეხმარებოდეს და ერთგვარ კოლექტიურ მზადყოფნას უწყობდეს ხელს.
ზოგადად, მთქნარება სხეულში სისხლის ტემპერატურის დარეგულირებისა და ტვინის გაგრილების საშუალებაა. თერმორეგულაცია კი ისაა, რასაც ხერხემლიანთა უმრავლესობაში ვხვდებით. მღრღნელებიდან მაიმუნებამდე თუ თევზებიდან ფლამინგოებამდე სახეობებში, ზემოხსენებული ქცევა, სავარაუდოდ, უძველესი საერთო წინაპრიდან გადმოვიდა.
რაც მთავარია, ის ისეთი გადამდებია, რომ სახეობათაშორის ბარიერებსაც ლახავს. გალაპის აზრით, მთქნარება სიგნალია, რომელიც მიანიშნებს, რომ ინდივიდი ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასასვლელად ემზადება (გაიღვიძა, იძინებს და ა.შ.). ამ დროს ჯგუფში იმავე მოძრაობის გამეორებით მზაობა იზრდება, მაგალითად იმისთვის, რომ პოტენციურად საშიშ სიტუაციაში უყურადღებოდ არ დარჩნენ.
ამას ექსპერიმენტიც ადასტურებს, რომელში მონაწილე ადამიანებსაც საფრთხესთან დაკავშირებული და სრულიად უსაფრთხო სურათები აჩვენეს — გველებისა და ბაყაყების — მანამდე კი მთქნარების ვიდეოები ანახეს. აღმოჩნდა, რომ ეს მათ ქვეწარმავალთა სწრაფად დაფიქსირებაში დაეხმარა.
ასეა თუ ისე, მთქნარება სოციალური ცხოველების კომუნიკაციის ფორმების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
კომენტარები