ასტრონავტის თქმით, უკრაინაში ომი იმდენად სასტიკია, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს
რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებენ. როგორც ჩანს, რუსების ეს აგრესია მალე არ დასრულდება. თავის მხრივ, უკრაინა თავს მედგრად იცავს და ოკუპანტს არ ნებდება.
უკრაინის ომი იმდენად სასტიკია, რომ ის ფაქტიურად კოსმოსიდანაც ჩანს.
"როდესაც კოსმოსში ხარ, თავს ძალიან შორს გრძნობ", — უთხრა გერმანიის მაუწყებელ ARD-ს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტმა მათიას მაურერმა, რომელმაც ახლახან დაასრულა კოსმოსური სადგურის ბორტზე ყოფნის 177 დღიანი მისია.
კოსმონავტის თქმით, ომი შესამჩნევი იყო შეუიარაღებელი თვალით კოსმოსიდან. მან აღნიშნა, რომ კვამლის უზარმაზარი შავი სვეტები ფარავდა უკრაინის ქალაქებს, მათ შორის მარიუპოლს.
მაურერმა ისიც გაიხსენა თუ როდის დაინახა პირველად ომის კვალი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.
"ომის დასაწყისში მთელი ქვეყანა ჩაბნელდა. თავიდან მხოლოდ კიევის ამოცნობა იყო შესაძლებელი. ნელ-ნელა უეცარი განათებები ჩნდებოდა უკრაინის თავზე, მათ შორის კიევის თავზეც. ეს მაშინ როდესაც რაკეტები ცვიოდა ქალაქებზე", — განუცხადა მან ARD-ს.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსეთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მაურერის თქმით, ეკიპაჟის ყველა წევრი მალევე შეთანხმდა იმ ფაქტზე, რომ "საშინელი ამბები ხდება უკრაინაში".
რთულია იმის წარმოდგენა თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინათ კოსმონავტებს კოსმოსში სიმშვიდე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ძირითადად სიმშვიდე იყო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უხერხულ საუბარს.
კოსმონავტის თქმით, ომის ყურება საშინელებაა, გინდაც ეს კოსმოსიდან ხდებოდეს.
"კოსმოსიდან დანახული ომი ასჯერ უფრო ირაციონალურია, ვიდრე მიწიდან. ადამიანები ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ", — განუცხადა მაურერმა ARD-ს.
კომენტარები