NASA-ში შეშფოთებამ დაისადგურა — ასტრონავტთა სკაფანდრები წყლით ივსება
სკაფანდრები, რომელთა საშუალებითაც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) გარეთ გადიან, შესაძლოა, კოსმოსში სამომავლო გასვლებისათვის გამოუსადეგარი აღმოჩნდეს — მათი ჩაფხუტები წყლით ივსება, რამაც შესაძლოა, ასტრონავტთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.
NASA-ს უწყებით, სკაფანდრები (EMU-ები) ბოლომდე გამოუსადეგარიც არაა და მათი გამოყენება გადაუდებელ შემთხვევებში მაინც შეიძლება.
"სანამ არ გავიგებთ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო კოსმოსში უკანასკნელი გასვლისას, ამის გამეორებას აღარ ვაპირებთ", — განაცხადა დანა ვიეგელმა, ჯონსონის კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელმა — "შესაბამისად, კოსმოსში დაგეგმილად არ გავალთ მანამ, სანამ სისტემის გაუმართაობის სხვადასხვა მიზეზს არ გამოვრიცხავთ".
აღსანიშნავია, რომ პრობლემის წინაშე წარსულში არაერთი ასტრონავტი აღმოჩენილა. მაგალითად, 2013 წელს ერთ-ერთი გასვლა დროზე ადრე დასრულდა, რადგან ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტის, ლუკა პარმიტანოს, ჩაფხუტმა წყლით ამოვსება დაიწყო.
პარმიტანოს დახრჩობის რეალური საფრთხე დაემუქრა — წყალმა მისი თვალები, ცხვირი და ყურები დაფარა. ამის შემდეგ NASA-მ სპეციალური ღრუბლების გამოყენება დაიწყო ჩაფხუტის უკანა მხარეს, რათა ზედმეტი წყლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირებულიყო.
საგულისხმოა, რომ ნასას ასტრონავტმა, კაილა ბარონმა, ახლახან გერმანელი ასტრონავტის, მათიას მაურერის, ჩაფხუტში წყალი აღმოაჩინა. იგი კოსმოსში მარტში გავიდა. ამჟამად სპეციალისტები მაურერის სკაფანდრის დათვალიერებას ელიან (იგი დედამიწაზე ივლისში დაბრუნდება), სანამ კოსმოსში გასვლის კუთხით რაიმეს დაგეგმავენ.
ვეიგელის თქმით, ისინი ნებისმიერ ნიშანს ეძებენ, რომელიც დაბინძურებასა თუ სისტემის რაიმე გაუმართაობაზე მიუთითებს, თუმცა, მათ ჯერჯერობით უცნაური არაფერი აღმოუჩენიათ.
კომენტარები