საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა მისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, ყველაზე ციფრული თაობისთვის, ახალი, ციფრული პროდუქტი შეექმნა. ამის შესახებ ღონისძიება UPDATE-ზე გავიგეთ.

ეს არის პირველი აპლიკაცია საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც საქართველოს ბანკი მოზარდებისთვის ქმნის. თაობისთვის, რომელიც ყველაზე ციფრულია ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან აპლიკაციით, რომელიც მოსწავლეებს ბევრ შესაძლებლობას მისცემს. აპლიკაცია მორგებული იქნება მოზარდების ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სურვილებს. ეს იქნება მარტივი, სახალისო აპლიკაცია დატვირთული მცირე ფინანსური ელემენტებით.აპლიკაცია გააერთიანებს შემდეგ ინტერესებს: გართობა, გემიფიკაცია, სოციალიზაცია, განათლება (მათ შორის ფინანსური).

აპლიკაცია საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო შეთავაზებებით. მომდევნო ეტაპზე კი, მოსწავლეები შეძლებენ დაისახონ მიზანი და ისწავლონ დაგროვება, ისწავლონ საკუთარი ფულის მართვა, მიიღონ დავალებები და წახალისებები.

მოზარდები აპლიკაციის იდეის გაჩენიდან ჩართულები იყვნენ პროცესში, მთავარი კითხვა იყო, როგორი აპლიკაცია უნდოდათ ბავშვებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მათ ინერესებსა და სურვილებზე მორგებული იყოს აპლიკაცია, მოზარდები ჩართულები იქნებიან როგორც აპლიკაციის ტესტირების, ისე ფუნქციების დამატების ყველა მომდევნო ეტაპზე.