NASA-ს აპარატმა წითელ პლანეტაზე რეკორდულად მძლავრი "მარსძვრა" დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა აპარატმა InSight იქ რეკორდულად მძლავრი "მარსძვრა" დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ასეთი სეისმური აქტივობა, დედამიწის გარდა, აქამდე სხვა არცერთ ციურ სხეულზე შეუნიშნავთ.
NASA-ს დასაჯდომი მოდულის მიერ გამოკვლეული "მარსძვრა", სპეციალისტების გამოთვლებით, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო. ის მიმდინარე წლის 4 მაისს მოხდა, მისიის 1 222-ე მარსულ დღეს. ამ უკანასკნელის ჩათვლით, InSight-მა, 2018 წლიდან დღემდე, საერთო ჯამში 1 313 მსგავსი მოვლენა დააფიქსირა.
წინა რეკორდი 2021 წლის 25 აგვისტოს მომხდარ, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის "მარსძვრას" ეკუთვნის, რომელიც 94 წუთს გაგრძელდა. ამ დროს გამოყოფილი სეისმური ტალღების შესახებ მონაცემებს აპარატი მგრძნობიარე სეისმომეტრის მეშვეობით იწერს. ეს ენერგია წითელი პლანეტის ქერქში, მანტიასა და ბირთვში გადაადგილდება, რაც ობიექტის შიდა სტრუქტურის შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
5 მაგნიტუდა, დედამიწის მიწისძვრებთან შედარებით, საშუალო სიმძლავრედ მიიჩნევა, თუმცა იმ ზედა ზღვარს უახლოვდება, რომელსაც მეცნიერები მარსზე ელიან. მას ისინი სიღრმისეულად გააანალიზებენ და დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად, ეპიცენტრსა და წყაროს, მოგვიანებით დააზუსტებენ.
კომენტარები