ყალბ ხორცს ამ პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული CO2-ის ემისიების შემცირება 80%-ზე მეტით შეუძლია
ყველას გვსმენია ხორცის სხვადასხვა ალტერნატივასა და იმ სარგებელზე, რაც მას პლანეტისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუძლია. გასულ კვირას ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა კი ამ ბენეფიტების რიცხობრივ მაჩვენებლებს გვთავაზობს.
კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალურად ძროხისა და ცხვრის ხორცის მოხმარების 20%-ს ხორცის ალტერნატივებით ჩავანაცვლებთ, შედეგად ეს აღნიშნული პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული გაუტყეურებისა და სათბურის აირის ემისიების 80%-ით შემცირებაში დაგვეხმარება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან
"ხორცის მოხმარებაზე გარკვეულწილად უარის თქმით და მისი წარმოების შემცირებით, ტროპიკული დეფორესტაციის შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების რაოდენობა, შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს", — განუცხადა AFP-ის კვლევის მთავარმა ავტორმა და პოსტდამის კლიმატის გავლენის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერმა, ფლორიან ჰამპნოდერმა.
"ეს პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებული ტემპერატურული ნამატის სამიზნე ნიშნულის მიღწევის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაშიც დაგვეხმარება".
ცნობილია, რომ ტრადიციული ხორცის წარმოების შედეგად ნადგურდება ტროპიკული ტყეები, რომლებიც საძოვრებისა და მარცვლოვანი საკვების მოსაყვანად საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწებით ჩანაცვლდება. აღნიშნული ტყეები დედამიწაზე CO2-ის ერთ-ერთ მთავარ შთამნთქმელს წარმოადგენს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფერმის ცხოველები ატმოსფეროში უდიდესი რაოდენობის მეთანს გამოყოფენ, სათბურის აირს, რომლის დათბობის ეფექტი ნახშირორჟანგისას 30-ჯერ აღემატება.
აღნიშნულ კვლევაში მკვლევრებმა გამოთვალეს, თუ რა შედეგს მოიტანს 30 წელში ხორცის წარმოება ამჟამინდელი მეთოდებით და აღმოაჩინეს, რომ გლობალურად ამისთვის დაახლოებით ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის საძოვრები იქნება საჭირო. მათ ისიც აღმოაჩინეს, რომ ხორცის წარმოების სულ რაღაც 20%-ის ხორცის ალტერნატივებით ჩანაცვლების შემთხვევაში, საჭირო საძოვარი ტერიტორიები ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებითაც კი დაიკლებს.
ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, რომ ხორცის ალტერნატივები მდიდარია ცილით და ამინომჟავებით, რაც მას აღნიშნული არაეთიკური ცხოველური პროდუქტის იდეალურ შემცვლელად აქცევს. იმ სარგებლის გათვალისწინებით კი, რაც ამ პროდუქტზე გადასვლას ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მოაქვს, ერთადერთი კითხვაღა რჩება: აქამდე რატომ არ გადავედით ხორცის ალტერნატივებზე? რას ველოდებით?
კომენტარები