კრიპტო ბაზრის ვარდნასთან ერთად NFT-ების გაყიდვები 92%-ით დაეცა
ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბრიდან დღემდე, NFT-ების გაყიდვები 92%-ით დაეცა.
Wall Street Journal-ის მიერ აღმოჩენილი ვებსაიტის, NonFungible-ის მიხედვით, ირკვევა რომ მიმდინარე კვირაში საშუალოდ 19 000 NFT გაიყიდა, 7 თვის წინ კი ეს მაჩვენებელი 225 000-ს შეადგენდა.
88%-ით დაეცა იმ აქტიური საფულეების რიცხვიც, რომლებიც NFT-ების შესანახად გამოიყენება.
Google Trends-იდან ირკვევა, რომ NFT-ების მიმართ ინტერესის პიკმა გადაიარა. ძიების სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის იანვართან შედარებით ადამიანები NFT-ების შესახებ 89%-ით ნაკლებად იძიებენ ინფორმაციას.
გასულ თვეში Royal Mint-მა დააანონსა, რომ ის შექმნიდა NFT-ის რომელსაც ზურგს დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუმაგრებდა და ეს იქნებოდა "ნიშანი მომავლისკენ მიმართული ხედვისა".
"ევროკავშირისა და აშშ-სგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში ცოტა მარეგულირებელი ორგანოა, ცენტრალური მთავრობა ქმნის ზოგად სტრუქტურას და გადაწყვეტილებებსაც სწორედ ის იღებს. ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია წინ წასვლა", — განაცხადა ბრიტანეთის ეკონომიკის მინისტრმა, ჯონ გლენმა აპრილში გამართულ Innovate Global Finance Summit 2022-ზე.
NFT-ების მიმართ ინტერესი რომ შემცირდა ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ტვიტერის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის მიერ შარშან 2.9 მილიონ დოლარად გაყიდული ტვიტერის პირველი პოსტი რამდენიმე დღის წინ 280 დოლარადაც აღარ გაიყიდა.
ასევე, ილონ მასკი, რომელიც კრიპტო სამყაროში აქტიურადაა ჩართული, NFT-ების დიდი მოყვარული არ არის და ამ კვირაში მან ეს კიდევ ერთხელ გამოხატა. ამჯერად Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT-ის, APE-ს რამდენიმე მაიმუნის ფოტო კლასიკურად, მარჯვენა კლიკით გადმოწერა, ტვიტერის პროფილზე დაიყენა და ირონიულად მიაწერა — "არ ვიცი... თითქოს უნიკალურს არ გავს".
კომენტარები