დედამიწის ორბიტაზე ძველი რუსული რაკეტის ნაწილი მოულოდნელად აფეთქდა
მედიის ინფორმაციით, დედამიწის ორბიტაზე რუსული რაკეტის ნაწილი მოულოდნელად აფეთქდა. ის ჩვენი პლანეტის გარშემო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოძრაობდა, ახლა კი მისმა განადგურებამ იქ ნარჩენები წარმოქმნა, რომლებიც საფრთხეს უქმნის, როგორც ასტრონავტების სიცოცხლეს, ასევე, უეკიპაჟო მისიებს.
აფეთქება მიმდინარე წლის 15 აპრილს დაფიქსირდა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალები ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ადასტურებს. მათი მონაცემებით, მომხდარის შედეგად ორბიტაზე 16 ფრაგმენტი დარჩა, რომლის გადაადგილებასაც თვალს ადევნებენ.
როგორც ცნობილია, ზემოხსენებული ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ ცივი ომის დროს შექმნილი რაკეტის ძრავაა. აფეთქება, სავარაუდოდ, მასში დარჩენილმა საწვავმა გამოიწვია. სპეციალისტთა თქმით, სულ მცირე 54 ძრავა კოსმოსში უკვე თავისით დაიშალა, 64 კი ჯერ კიდევ მთლიანია და დედამიწის ირგვლივ მოძრაობას განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ახალ ხომალდებში ეს პრობლემა მოგვარებულია, რადგან მისიის დასრულებამდე მათში არსებული ნებისმიერი ფეთქებადი კომპონენტი, თავის დაზღვევის მიზნით, წინასწარ დეაქტივირდება.
კომენტარები