კერძო კოსმოსურმა კომპანიამ, Rocket Lab-მა, Rocket Lab Electron რაკეტა ახალი ზელანდიიდან, Launch Complex 1A ბაზიდან გაუშვა. რაკეტამ ორბიტაზე 34 პატარა სატეილიტი და კუბსატი გაუშვა.

რაკეტის გაშვება და მისი მეშვეობით ორბიტაზე სატელიტების გატანა, რაღა თქმა უნდა, სიახლე არ არის. Rocket Lab-მა ყურადღება ერთი მნიშვნელოვანი დეტალით მიიქცია. ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი თუ როგორ ჯდება SpaceX-ის რაკეტის გამშვები ოკეანეში მოცურავე პლაცდარმზე ან ხმელეთზე.

Rocket Lab-მა მეტად კრეატიულ ხერხს მიმართა. გაშვებიდან 30 წუთში, რაკეტის პირველი საფეხური დედამიწისკენ დაეშვა და ის ჰაერში, ვერტმფრენით დაიჭირეს.

დიახ, არ მოგესმათ, გამშვები რომელიც პარაშუტით დედამიწისკენ ბრუნდებოდა ჰაერში ვერტმფრენმა დაიჭირა. ამ ყველაფრის ამსახველი სრული ვიდეო Rocket Lab-ის YouTube არხზე შეგიძლიათ იხილოთ.

რამდენიმე წამის შემდეგ ვერტმფრენის პილოტმა რაკეტა ოკეანისკენ მიმართა და სწორედ იქ ჩააგდო, სადაც გამშვებს გემით მიაკითხეს და Rocket Lab-ის ქარხანაში დააბრუნეს. თუ ვერტმფრენის მიერ გამშვების დაჭერის ნახვა გსურთ მაგრამ სრული ვიდეოს ნახვა გეზარებათ, შეგიძლიათ ამ ტვიტით დატკბეთ.

რაკეტის ოკეანეში ჩაგდება მისიის მიზანი არ ყოფილა, თუმცა ეს ჯერ ტესტირებაა და როგორც Rocket Lab-ის მედიასთან კომუნიკაციის უფროსი, მურიელ ბეიქერი აღნიშნავს, მათ შენიშნეს "გადატვირთვის უცხო მახასიათებლები" და გამშვეების ოკეანეში ჩაშვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.