საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია — რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, ქვეყანამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ აგრესორი სახელმწიფოს ეს ნაბიჯი მის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა.
"ამ სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურება, ჩვენი ხალხის სასოწარკვეთასა და შიმშილის წინაშე დაყენება და ქვეყნის მუხლებზე დაჩოქებაა. გასაგებია, რომ მათ ეს არ გამოუვათ, თუმცა განზრახვა ცხადია", — განაცხადა როგოზინმა გასული თვის დასაწყისში ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, როსკოსმოსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საჯარო განხილვას არ ექვემდებარება. პარტნიორებს ამის შესახებ ოფიციალურ ცნობას ისინი წლიურ ანგარიშში წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ როგოზინს სადგურის დატოვებაზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ უსაუბრია და ამით "იმუქრებოდა" კიდეც, რადგან მისი აზრით, ISS-ის მათ გარეშე ფუნქციონირება გაუჭირდება. ამის მიუხედავად, მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის ხომალდები ზემოხსენებული საკითხის მოგვარებას შეძლებენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ასე მთავრდება 2 დეკადაზე მეტხნიანი, უპრეცედენტო მეცნიერული თანამშრომლობა რუსეთსა და სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით კი აშშ-ს შორის. ISS ექსპლუატაციაში 2030 წლამდე დარჩება, რის შემდეგაც მას ოკეანეში ჩაძირავენ.
კომენტარები