ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს ფრინველის გრიპის შტამი H3N8 დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ადასტურებს.
ეს ინფექცია, როგორც წესი, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა ზოგჯერ ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.
რაც შეეხება უკანასკნელ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24-ში ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.
გამოკვლევა ჩაუტარდათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც მცირეწლოვან პაციენტთან შეხება ჰქონდათ, თუმცა მათ უარყოფითი პასუხი მიიღეს. ვარაუდობენ, რომ ბავშვს ინფექცია სახლთან ახლოს მობინადრე ქათმებისგან და იხვებისგან გადაედო.
სპეციალისტების თქმით, გრიპის ადამიანებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ეს იშვიათი გამონაკლისია. ამის მიუხედავად, ისინი გვირჩევენ, რომ ავადმყოფ ან დახოცილ შინაურ ფრინველებთან ახლო კონტაქტს მოვერიდოთ და საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე, ექიმს მივმართოთ.
კომენტარები