მონაცემები და ტექნოლოგიები ომის დროს — DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება
რა როლი აქვს ტექნოლოგიებსა და მონაცემებს 21-ე საუკუნეში ომების მიმდინარეობისას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება.
უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში უპრეცენდენტოა ახალი ტექნოლოგიური საფრთხეებითა და შესაძლებლობებით. საბრძოლო მონაცემების ანალიზი, კიბერ თავდასხმები, ვიზუალური ამომცნობი სისტემები, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საპატრულო დრონები, ღია მონაცემებით ომის გაშუქება — ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც საზოგადოების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის საჭიროება დადგა. ამ მიზნით, DataFest Online: Data & Technologies in Wartime-ის აქტივობები სამ მიმართულებას მოიცავს:
- ომის გაშუქება ღია მონაცემებით;
- კიბერუსაფრთხოება;
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ომში.
DataFest Online: Data & Technologies in Wartime სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს უმასპინძლებს. მესამე დღე დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებული ჰაკათონი) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავებენ.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.
წლევანდელ, რიგით მე-8 გამოშვებაზე დასწრება უფასოა. ღონისძიებაზე, მონაწილეთა სურვილისამებრ, შეგროვდება შემოწირულობები, რაც სრულად გადაირიცხება უკრაინის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. ფესტივალის ორგანიზატორია "ფორსეტი".
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
კომენტარები