გაიცანით სტარტაპი, რომელიც სასმელ წყალს ჰაერისა და მზის შუქისგან ამზადებს
რა მოხდება, თუ თქვენ შეძლებთ ჰაერიდან წყლის "ამოღებას" დამატებითი ნახშირბადის გამოყენების ან ენერგეტიკულ ქსელთან მიერთების გარეშე?
SOURCE Global სწორედ ის სტარტაპია, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათი ტექნოლოგია უფრო მეცნიერულია, ვიდრე ფანტასტიკა. კომპანიის ჰიდროპანელები მზის ენერგიას იყენებენ ჰაერიდან სუფთა, დამაბინძურებლებისგან თავისუფალი სასმელი წყლის კონდენსაციისთვის. ეს სისტემა შეიძლება გამოიყენონ სახლის პირობებშიც.
კომპანია მუშაობს სისტემაზე, რომელიც მაღალი ხარისხის წყალს ადვილად ხელმისაწვდომს გახდის. მსგავსი ჰიდროპანელები უკვე 52 ქვეყანაში გვხვდება.
"ყოველდღიურად უამრავი დრო იხარჯება წყლის შეგროვებაში. ეს იყო ჩვენი კომპანიის მთავარი მოტივაცია — აღარ უნდა დავხარჯოთ ამდენი დრო. ამან შთააგონა კოდი ფრიზენი [დამფუძნებელი], მოეძია წყლის მოპოვების ახალი გზა. ეს შეუზღუდავი რესურსია, რომელიც არის წყლის ორთქლის სახით ჰაერში. ის ჩვენთან არის და ჩვენ მისი მოპოვება უნდა ვისწავლოთ", — განუცხადა IE-ს ვიდეო ინტერვიუში SOURCE Global-ის გაყიდვების მენეჯერმა თომას ბორნსმა.
ჰაერი ყველგან არის. ამიტომ, ჰიდროპანელი არის ნამდვილი საოცრება მათთვის, ვისაც ცუდი წვდომა აქვს სუფთა სასმელ წყალზე — მათთვის ვისაც საათობით უწევს წყლის მოსატანად სიარული.
"ჰიდროპანელების ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ნახოთ ჩრდილოეთ არიზონაში. ჩვენი ჰიდროპანელები და ონკანი გვქონდა დაყენებული 83 წლის ქალის სახლში. 83 წლის ასაკში, ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ქალბატონმა პირდპაირ ონკანიდან მიიღო წყალი. მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ წყალი, როგორც პრობლემა არ არის სპეციფიკური მხოლოდ განვითარებადი სამყაროსთვის. დღეს აქ, შეერთებულ შტატებშიც ვხვდებით იგივე პრობლემას. მას მოგვარება სჭირდება", — ამბობს ბორნსი.
ჰიდროპანელი მოიცავს ტრადიციულ მზის პანელს, რომელიც კვებავს მთელ სისტემას. ასე რომ, სადაც არ უნდა იყოთ, მაგალითად უდაბნოში, შეგიძლიათ სუფთა სასმელი წყლის მიღება.
რაც შეეხება მიღებული წყლის რაოდენობას, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია ამინდზე. იმის გამო, რომ მათ პროდუქტს მზე სჭირდება, შეიძლება გვქონდეს დღეები, სადაც ბევრად მეტს გამოვიმუშავებთ, ან გვქონდეს პერიოდი, როცა გაცილებით ნაკლებ წყალს მივიღებთ.
კომპანიაში ახლა მუშაობენ ტექნოლოგიის დახვეწაზე, რათა მათმა მოწყობილობამ სასმელი წყლის გამომუშავება ღამითაც შეძლოს.
"ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი მისიაა წყლის მიწოდება ყველა ადამიანისთვის და სასმელი წყლის შეუზღუდავი რესურსის მიღება. სანამ ამას არ გავაკეთებთ, არ გავჩერდებით", — ამბობენ კომპანიაში.
კომენტარები