ნახეთ: NASA-ს ახალმა მარსმავალმა წითელ პლანეტაზე მზის დაბნელება გადაიღო
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ახალმა მარსმავალმა "პერსევერანსმა" წითელ პლანეტაზე მზის დაბნელების შთამბეჭდავი კადრები გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ კვეთს ციური სხეულის ერთ-ერთი თანამგზავრი, სახელად ფობოსი, ჩვენი ვარსკვლავის დისკოს.
აპარატმა ეს თვალწარმტაცი მოვლენა 2 აპრილს დააფიქსირა, როცა მარსზე მდებარე ეზეროს კრატერში უძველესი მდინარის დელტისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა. დანიშნულების ადგილამდე მან უკვე მიაღწია.
"ეს დაკვირვებები მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ შეისწავლონ ფობოსის ორბიტა და გაიგონ, როგორ ურთიერთქმედებს მისი გრავიტაცია მარსის ზედაპირთან, რის შედეგადაც მის ქერქსა და მანტიას ფორმას უცვლის", — წერენ NASA-ს სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ იქ მზის დაბნელება სხვა აპარატებსაც გადაუღია, თუმცა "პერსევერანსზე" დამონტაჟებული კამერის, Mastcam-Z-ის მიერ მოპოვებული კადრები უპრეცედენტოდ მაღალი სიხშირით გამოირჩევა. ასევე, ხელსაწყოს ერთ-ერთი ფილტრი მზის სიკაშკაშის შემცირების საშუალებას იძლევა, რაც ფობოსის დეტალურ კონტურს გამოკვეთს. შესამჩნევია მზის ლაქებიც.
შეგახსენებთ, რომ ფობოსი ნელ-ნელა მარსს უახლოვდება და საბოლოოდ, ათობით მილიონ წელში, მას შეეჯახება. როგორც ვახსენეთ, ორბიტული მოძრაობისას ის ციური სხეულის ქერქსა და მანტიაზე ზემოქმედებს, ცვლილებებზე დაკვირვებით კი სიღრმეში არსებული მატერიის უკეთ შესწავლაა შესაძლებელი.
"პერსევერანსის" მიზანი მარსზე სიცოცხლის კვალის მოძიება და ზედაპირიდან ნიმუშების აღებაა, რომლებსაც NASA, ESA-სთან თანამშრომლობით, გამოსაკვლევად დედამიწაზე მომდევნო დეკადაში ჩამოიტანს.
კომენტარები