ჰაბლის ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა გადაიღო
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, 32-ე წლისთავის აღსანიშნად, რომელიც 24 აპრილსაა, შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა გადაიღო. შთამბეჭდავი სურათი NASA-მ გამოაქვეყნა.
მათ ჰიქსონის კომპაქტურ ჯგუფ 40-ს (HCG) უწოდებენ. მატერიის ეს უზარმაზარი სისტემები დაახლოებით 1 მილიარდ წელში გაერთიანდება. ზემოხსენებული ობსერვატორია ასეთ ობიექტებს უკვე დიდი ხანია, შეისწავლის, რაც გალაქტიკების ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ მეტის გაგებაში გვეხმარება.
“მსგავსი მჭიდრო ჯგუფები შესაძლოა, ადრეულ სამყაროში უფრო გავრცელებული ყოფილიყო, როცა მათი შემადგენელი უცხელესი მატერია მაღალენერგიულ შავ ხვრელებში, კვაზარებში, ჩაედინებოდა”, — წერენ ასტრონომები.
HCG 40 ჩვენგან 300 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და ისეთ მცირე ზომის რეგიონშია მოქცეული, რომლის დიამეტრიც ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოსას მხოლოდ 2-ზე ნაკლებჯერ აღემატება.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მას უნიკალური კონფიგურაცია გამოარჩევს, რადგან ეს 5 გალაქტიკა უფრო დიდი ჯგუფის ნაწილი არაა.
“მათი ასეთი განლაგების პოტენციური ახსნა დიდი რაოდენობით ბნელი მატერიაა. ამ ობიექტების ერთმანეთთან მიახლოებისას, ის უზარმაზარ ღრუბელს წარმოქმნის, რომელშიც გალაქტიკები მოძრაობს. ბნელ მატერიაში მათი გავლისას, გრავიტაციის გავლენით, წინააღმდეგობა იქმნება, რაც გალაქტიკების გადაადგილებას ანელებს და მათ ენერგიას უკარგავს, ეს კი შერწყმის პროცესით სრულდება” — აცხადებენ მეცნიერები.
შეგახსენებთ, რომ ჰაბლის ტელესკოპი ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს, კოსმოსურ შატლ დისქავერის გამოყენებით გაუშვეს. მას შემდეგ, უკვე 3 დეკადაზე მეტია, რაც ის ადრეული სამყაროს გამოკვლევას ცდილობს. ამ საქმეში ჰაბლს მალე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც შეუერთდება.
კომენტარები