ახალი კვლევის მიხედვით, ვეგანობა ძაღლებისთვისაც სასარგებლოა
არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის მიზანიც ცხოველური საკვების წარმოების შემცირებაა, კვლევა დააფინანსა, რომლის მიხედვითაც ვეგანური დიეტა ძაღლების ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება.
Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კვლევა 2 500 ძაღლს მოიცავს. ცხოველებზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ვეგანი ძაღლები ნაკლებ წამლებს იღებდნენ და ნაკლებად სტუმრობდნენ ვეტერინარებს, ვიდრე მათი ხორცისმჭამელი მეგობრები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები, რომლებიც ჩვეულებრივი ომნივორებივით იკვებებიან, ნაკლებად ჯანმრთელები არიან, ვიდრე ვეგანი ძაღლები.
"ეს დღემდე გამოქვეყნებული ყველაზე დიდი კვლევაა, რაც ამ საკითხზე ჩაუტარებიათ", — განუცხადა Guardian-ს ნაშრომის თანაავტორმა, პროფესორმა ენდრიუ ნაითმა ვინჩესტერის უნივერსიტეტიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ძაღლებს მუდმივად ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული მაღალი ხარისხის საკვებით არ ამარაგებთ, ვეტერინარები ვეგანურ დიეტას რეკომენდაციას არ უწევენ. TikTok ინფლუენსერმა The Vegan Teacher, რომელიც ამჟამად პლატფორმაზე დაბლოკილია, 2021 წელს საკუთარი ვეგანი ძაღლის ვიდეო გაგვიზიარა. ამით იგი ეცადა, მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ ძაღლი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას რეკომენდაციას არ ვუწევთ, თეორიულად ძაღლის ვეგეტარიანულად კვება შესაძლებელია", — განუცხადა Guardian-ს ბრიტანეთის ვეტერინარული ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯასტინ შოტონმა.
მან ის საზოგადოდ ცნობილი ფაქტიც აღნიშნა, რომ ძაღლები ხორცის მოყვარული ომნივორები არიან. 2021 წელს Guardian-ში სტატია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ექსპერტები პატრონებს ძაღლების ვეგანურად გამოკვებას არ გვირჩევდნენ.
ბოლოს კი ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კვლევა ვეგანურმა ორგანიზაცია ProVeg-მა დააფინანსა, რომლის მიზანიც ხორცის მოხმარების შემცირებაა. მათ აქამდე საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული ძაღლების ვეგანური საკვების დამამზადებელ კომპანიაში.
კვლევა ონლაინ გამოკითხვაზეა დაფუძნებული და მონაწილეების დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოდანაა. მასში მხოლოდ ის შინაური ცხოველები გაითვალისწინეს, რომლებიც გასულ წლებში ვეტერინართან არიან ნამყოფები და რომლის პატრონებიც ექიმის შეფასებას ენდობოდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვეგანი ძაღლები, რომლებიც ვეტერინართან არ დაჰყავდათ, კვლევაში არ გაითვალისწინეს.
ცხოველური პროდუქტების მოხმარების შემცირებას მსოფლიო კლიმატზე უდიდესი ეფექტი ექნება. ცხოველების ფერმები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს წარმოადგენენ. მაგრამ ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ვეგანურმა დიეტებმა ძაღლები, შესაძლოა, სერიოზულად დააავადოს.
ისეთი კვლევის გამოქვეყნებამდე, რომელიც ვეგანური ორგანიზაციის მიერ არაა დაფინანსებული, ადამიანები ისევ სკეპტიკურად იქნებიან განწყობილნი ძაღლების ვეგანური დიეტების მიმართ, რომლებიც შემცვლელებით არაა გამდიდრებული და რომლის მონიტორინგსაც ვეტერინარი არ ატარებს.
კომენტარები