ქართული სტარტაპი Payze უზბეკეთში ოპერირებას იწყებს
ქართული სტარტაპი Payze, რომელმაც გადახდები უკვე არაერთ კომპანიას გაუმარტივა, უზბეკეთის ბაზარზე ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ Payze-ს ფეისბუქ გვერდზეა ნათქვამი.
"Payze-მ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საგადახდო ორგანიზაციის ლიცენზია მიიღო! იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც უზბეკეთის ბაზარზე შესვლა სურთ, უკვე შეუძლიათ, Payze-ს პლატფორმას შემოუერთდნენ. უზბეკურ კომპანიებს კი შანსი აქვთ, ისარგებლონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი საბარათე გადახდებით", — ნათქვამია სტარტაპის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ფეიზი ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროდუქტს ფლობს. ეს არის საგადახდო სისტემა, რომლის ინტეგრირებაც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. Payze ერთ-ერთია 500 Georgia-ს გამარჯვებულ გუნდებს შორის, რომელიც სილიკონ ველიზე გაემგზავრა და პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც წამყვანი ამერიკული აქსელერატორის — Y Combinator-ის პროგრამაში ჩაერთო. ის არა მხოლოდ ერთადერთი ქართული სტარტაპია, რომელიც აქსელერაციის ამ პრესტიჟულ პროგრამაში მოხვდა, არამედ პირველია მთელი რეგიონის მასშტაბითაც. საყურადღებოა, რომ სწორედ Y Combinator-ის მეშვეობით გადადგეს სადებიუტო ნაბიჯები ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Dropbox, Airbnb და Stripe.
წაიკითხეთ ვრცლად: ქართული სტარტაპი Payze — ინოვაციური იდეიდან ამერიკულ აქსელერატორ Y Combinator-მდე
კომენტარები