რისი ეშინია ილონ მასკს? — მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი 3 ეგზისტენციალურ საფრთხეს ასახელებს
Business Insider-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 3 ეგზისტენციალური საფრთხე დაასახელა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია. ესენი გახლავთ: შობადობის კლებადი მაჩვენებელი, რელიგიური ექსტრემიზმი და უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი.
"შობადობის მაჩვენებელზე ბევრს ვფიქრობ. ეს შესაძლოა, ცივილიზაციის მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყოს. ამაზე უკვე მრავალი წელია, ძალიან ვღელავ, რადგან სიტუაციის გამოსწორების ტენდენციას ვერ ვამჩნევ. ყოველწლიურად, ყველაფერი უარესდება", — აცხადებს მასკი.
ასევე, იხილეთ: ილონ მასკი: შობადობის დაბალი მაჩვენებლის გამო, ცივილიზაციას განადგურება ემუქრება
ბიზნესმენს აღნიშნული საკითხის შესახებ არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი აზრი. რაც მთავარია, მისი შიში უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, შობადობის მაჩვენებელმა დაღმასვლა 1960 წლიდან დაწყო და დღესაც გრძელდება.
აღმოჩნდა, რომ მასკი სიკვდილს სულაც არ უფრთხის. ეს იმის ფონზე, როცა, მაგალითად, ჯეფ ბეზოსი დაბერების წინააღმდეგ ტექნოლოგიის შექმნას ცდილობს.
ასევე, იხილეთ: ილონ მასკის აზრით, უკვდავება კარგს არაფერს მოგვიტანს
"ვისურვებდი, რომ ჯანმრთელობა დიდხანს შემენარჩუნებინა, თუმცა სიკვდილის არ მეშინია. ვფიქრობ, ეს შვება იქნება", — ამბობს ბიზნესმენი და ხაზს უსვამს, რომ უნდა იქამდე იცოცხლეს, რომ SpaceX სრულად რეალიზებული იხილოს.
ის იმედოვნებს, რომ მომავალში ადამიანები მარსზე მდგრადი რესურსების მქონე ქალაქის აშენებას შეძლებენ, რადგან ამით კაცობრიობის სიცოცხლე გახანგრძლივდება.
"მგონია, რომ ცნობიერების პატარა სანთელი გაგვაჩნია, რომელსაც სიცარიელესა და სიბნელეში მცირე სინათლე შემოაქვს. მისი ჩაქრობა არავის სურს", — ვკითხულობთ ინტერვიუში.
კომენტარები