ილონ მასკის აზრით, უკვდავება კარგს არაფერს მოგვიტანს
კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის აზრით, სიცოცხლის გახანგრძლივება და, მითუმეტეს, უკვდავება, კაცობრიობას კარგს არაფერს მოუტანს.
მილიარდერმა Wall Street Journal-ის მიერ ახლახან გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სიბერის შეჩერების საიდუმლოს ნამდვილად არ ეძებს და ამის რაიმე ფარულ ტექნოლოგიაზეც არაფერი იცის.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიხოცოთ, რადგან ხშირად ადამიანები აზროვნებას არ იცვლიან, ისინი უბრალოდ იღუპებიან. თუ უსასრულოდ ვიცოცხლებთ, ერთ ადგილზე გაყინულ საზოგადოებად ვიქცევით, რომელშიც ახალი იდეები ვეღარ დაიბადება", — ამბობს ბიზნესმენი.
აღსანიშნავია, რომ მასკის ამგვარი შეხედულება გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ინოვაციებს და ცვლილებებს ყოველთვის მხარს უჭერს. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რაც წინსვლას ხელს უშლის, მისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, მილიარდერმა აშშ-ის ხელისუფლების სათავეში მყოფი პირებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესების სურვილიც კი გამოთქვა (ეს, ძირითადად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიემართებოდა).
Wall Street Journal-ის თაოსნობით ჩატარებულ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე მასკმა ცივილიზაციის განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, შობადობის დაბალი მაჩვენებელი გახდეს.
"ჩემი აზრით, ცივილიზაციისთვის უდიდეს რისკს შობადობის სწრაფად კლებადი მაჩვენებელი წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ხალხს, მათ შორის მრავალ ჭკვიან ინდივიდსაც სჯერა, რომ მსოფლიოში ზედმეტად ბევრი ადამიანია და პოპულაციის რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს", — თქვა მასკმა, რომელიც თავად 6 შვილის მამა გახლავთ.
კომენტარები