ფინეთში საცავი შენდება, რომელშიც ბირთვულ ნარჩენებს სამუდამოდ შეინახავენ
ზღვის დონიდან დაახლოებით 400 მეტრით ქვემოთ ფინეთი სპეციალურ საცავს აშენებს, რომელშიც ქვეყნის ბირთვული ნარჩენები საუკუნეობით შეინახება. Science Magazine-ის უწყებას თუ დავეყრდნობით, იგი 2024 წელს გაიხსნება.
ბირთვულ ენერგიას უკვე ევროპის არაერთი სახელმწიფო არიდებს თავს. გერმანიაში 6-იდან სამი ფუნქციური ატომური ელექტროსადგური დაიხურა, რადგან ქვეყანა ხანგრძლივ პერსპექტივაში ენერგიის განახლებადი ფორმებისაკენ იხრება. მსგავსი გეგმები საფრანგეთმა და ბელგიამაც დააანონსეს, თუმცა, როგორც ჩანს, ფინეთი განსხვავებულ გზას ირჩევს და სხვა ატომურ ელექტროსადგურს აშენებს.
ეს უკანასკნელი შედარებით პატარა ქვეყანაა, 5.5-მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა კი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. ფინეთში არსებული ელექტროსადგურები ძირითადად ჩრდილოეთშია თავმოყრილი, ამიტომაც გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში მოსახლეობას ნაკლები საფრთხე ემუქრება.
მსოფლიოს უდიდესი (1600 მეგავატიანი) ბირთვული რეაქტორი წლის ბოლოს ამუშავდება, ფინეთს კი სამომავლოდ წარმოქმნილი ნარჩენების უსაფრთხოდ შენახვა დასჭირდება.
ენერგიის წარმოსაქმნელად ფინეთში მდუღარე წყლის რეაქტორები (BWR) გამოიყენება, თუმცა ნარჩენების შესანახად წყალმედეგი გარემოა საჭირო. კომპანია Posiva-მ ასეთი კლდოვანი საფუძვლის ქვეშ აღმოაჩინა. ახლოს მიწისძვრის ნასხლეტებია, რომლებიც შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგ გააქტიურდეს, თუმცა ადგილი ზუსტად მათ შორის მდებარეობს, ამიტომაც, სავარაუდოდ, მას სეისმური აქტივობა არ დააზარალებს.
ასევე იხილეთ: როგორ გადავურჩით საშინელებათა ფილმის სცენარს — ჩერნობილი დენით და დენის გარეშე
უკვე გახარჯული საწვავი ღეროები წლის სპეციალურ ავზში ათწლეულების განმავლობაში ცივდება. მათ შესანახად წყალი რობოტებმა უნდა შეისრუტოს უჟანგავი ფოლადის ოთახში, რომელიც დაახლოებით 1.3 მეტრი სისქის ბეტონის კედლებითაა დაფარული.
ამის შემდეგ ღეროებს თუჯის ბალონებში ჩააწყობენ, რომლებიც, თავის მხრივ, არგონით (ინერტული აირი) ამოვსებულ სპილენძის ბაკში იქნება მოთავსებული, რათა რეაქცია არ წარიმართოს. სპილენძის ბალონები მიწისქვეშა გვირაბებში დაიმარხება, ეს უკანასკნელები კი ბენტონიტის თიხით ამოივსება, რათა წყალი შეისრუტოს და მან საწვავამდე არ მიაღწიოს. გვირაბებს შემდეგ ბეტონით დაფარავენ, ბირთვული საწვავი კი აქ სამუდამოდ შეინახება.
სავარაუდოდ, საცავი ფუნქციონირებას 2024-25 წლისთვის დაიწყებს და მანამ იმუშავებს, სანამ 2120 წელს სამუდამოდ არ დალუქავენ.
კომენტარები