მკვლევრებმა ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდნამდე 2 საათით ადრე შენიშნეს — რატომაა ეს კარგი ამბავი
2022 წლის 11 მარტს, მსოფლიო კოორდინირებული დროით 21:22 საათზე, დედამიწის ატმოსფეროში მცირე ზომის ასტეროიდი შემოიჭრა. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან მსგავსი ობიექტები საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ და საფრთხეს არ გვიქმნიან. თუმცა, უკანასკნელი შემთხვევა გამორჩეული იყო.
საქმე იმაშია, რომ 2022 EB5-ის სახელით ცნობილი ასტრონომიული სხეული სპეციალისტებმა ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდნამდე აღმოაჩინეს. ასეთი რამ კი აქამდე მხოლოდ 4-ჯერ მოხდა.
დაახლოებით 2-მეტრიანი ასტეროიდი მეცნიერებმა უნგრეთში მდებარე კონკოლის ობსერვატორიის კუთვნილი სადამკვირვებლო სადგურიდან 19:24 საათზე შენიშნეს. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნდა.
2 საათის შემდეგ, ის დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. კერძოდ, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის თავზე, ნორვეგიაში განლაგებული კუნძულის, იან-მაიენის სამხრეთ-დასავლეთით. როგორც ცნობილია, ობიექტი წამში 18 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა.
მალევე, ნორვეგიასა და გრენლანდიაზე განთავსებულმა ინფრაბგერითმა ხელსაწყოებმა აფეთქების ხმა დააფიქსირა, რომელიც ცაში ნაწილებად დაშლის პროცესში მყოფი 2022 EB5-სგან მომდინარეობდა. მკვლევართა ინფორმაციით, ამის შედეგად მიღებული ენერგია 2 000 ტონამდე ტროტილის აფეთქებისას გამოთავისუფლებულის ეკვივალენტური იყო.
შედარებისთვის, წინა 4 შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შემდეგი გახლდათ:
- 4-მეტრიანი 2008 TC3 — 2 100 ტონამდე ტროტილი.
- 3-მეტრიანი 2014 AA — 1 000 ტონამდე ტროტილი.
- 3-მეტრიანი 2018 LA — 400 ტონამდე ტროტილი.
- 6-მეტრიანი 2019 MO — 6 000 ტონამდე ტროტილი.
ამგვარი ასტეროიდები და კომეტები ხშირად ფეთქდება, რადგან ატმოსფეროში შემოჭრისას მათ ნაპრალებში ჰაერი აღწევს, რაც მაღალ წნევას განაპირობებს. 2022 EB5-ის ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ოკეანეში ჩაცვივდა, როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, რადგან ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული.
აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი კიდევ ერთი რამის გამო შეგვიძლია, დადებითად მივიჩნიოთ.
2022 EB5-ისა და მისი წინამორბედების დროული აღმოჩენა, ასევე, ამგვარი შემთხვევევის რაოდენობის ზრდა, ასტრონომებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თუ მცირე ზომის მქონე მსგავს სხეულებს რამდენიმე საათით ადრე ვაფიქსირებთ, დიდ, საშიშ ასტეროიდებს უფრო მარტივად გამოვავლენთ, რაც საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭირო ქმედებების განხორციელების საშუალებას მოგვცემს.
კომენტარები