Android-ს ახალი ფუნქცია ემატება — აპლიკაციების ნაწილი 60%-ით ნაკლებ მეხსიერებას დაიკავებს
Google ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ტელეფონში ადგილის გასათავისუფლებლად აპლიკაციების დაარქივების საშუალებას მოგცემთ. კომპანია განმარტავს, რომ შეგეძლებათ, ინსტალაცია ფუნქციის მქონე ნებისმიერ აპლიკაციას ნაწილობრივ გაუუქმოთ, რითაც იგი ბოლომდე არ წაიშლება და ზომაში 60 პროცენტით შემცირდება, თქვენი მონაცემები კი არსად დაიკარგება.
ფუნქცია ამას ახალი ტიპის APK-ის (ანდროიდის პროგრამათა პაკეტი) შექმნით აკეთებს, რომელსაც დაარქივებული APK ეწოდება. როგორც Google აღნიშნავს, ის ბევრად მცირე ზომისაა და აღდგენამდე თქვენს ყველა მონაცემს ინახავს, შემდეგ კი თავდაპირველ ზომას უბრუნებს. ფუნქცია დეველოპერებისათვის ხელმისაწვდომი Bundletool 1.1-ს გამოსვლისას გახდება, თუმცა მანამ არ იმუშავებს, სანამ კომპანია საზოგადოებისათვის არ გახდის ხელმისაწვდომს.
დაზუსტებული ჯერაც არ არის, თუ რა სახით წარმოგვიდგება ფუნქცია ანდროიდზე, თუმცა, სავარაუდოდ, იგი ინსტალაციის გაუქმების ვარიანტის გვერდით გამოჩნდება, როდესაც აპლიკაციის ხატულას დიდხანს დააჭერთ.
დიდი ალბათობით, დაარქივებული APK-ები ძალიან გამოადგება მათ, ვისაც ტელეფონში უამრავი უსარგებლო აპლიკაცია აქვს, თუმცა წაშლა, მეხსიერების ნაკლებობის მიუხედავად, მაინც არ სურს. აპლიკაციის დაარქივება და აღდგენა მის ხელახალ ინსტალაციაზე სწრაფი გზაა, Wi-Fi-ის არქონის შემთხვევაში კი ამაზე ბევრად ნაკლები მობილური ინტერნეტი დაიხარჯება.
კომენტარები