Amazon-ის ახალი აპლიკაციით DJ-ები საკუთარი აუდიო გადაცემის წაყვანას შეძლებენ
Amazon-მა გუშინ Amp — ლაივ აუდიო აპლიკაცია ჩაუშვა, რომელიც DJ-ებს საკუთარი რადიო გადაცემის მასპინძლობის საშუალებას მისცემს.
ამ სერვისზე მოთხოვნა პანდემიის დროს გაიზარდა. ტენდენციის კაპიტალიზაციისთვის კი ტექ კომპანიებმა ახალი აუდიო პროდუქტის ჩაშვება დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი იყო აპლიკაცია Clubhouse, რომელმაც ყურადღება გასულ წელს მიიქცია და დაფინანსება სილიკონ ველისგან მიიღო. ამავდროულად პლატფორმა ცოცხალი საუბრებისთვის Twitter-მა, Facebook-მა, Spotify-მ და Discord-მაც შემოგვთავაზა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ისთვის ეს ცოცხალი საუბრების პირველი აპლიკაცია არაა. მისი შვილობილია პირდაპირი ტრანსლაციის კომპანია Twitch. გარდა ამისა, Amazon მომხმარებლებს პოდკასტების ლაბორატორია Audible-ითაც უზრუნველყოფს. რაც შეეხება Amp-ს, ეს უკანასკნელი მომხმარებლებს Amazon Echo ჭკვიანი დინამიკების საშუალებით ახალ ციფრულ პროდუქტს მიაწვდის და კომპანიის სწრაფად მზარდ სარეკლამო ბიზნესს უფრო გააძლიერებს.
აპლიკაცია მუსიკოსებს საშუალებას მისცემს, პირდაპირ ეთერში საკუთარ აუდიო გადაცემას უმასპინძლონ, სადაც სხვა მომხმარებლებს საუბრის მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებათ. გადაცემის წამყვანს შეუძლია მუსიკა რეალურ დროში გაუშვას, ან წინასწარ დაგეგმოს ონლაინ ღონისძიება. DJ-ებს Amazon-ის ბიბლიოთეკიდან მილიონობით ლიცენზირებული მუსიკის არჩევის საშუალება ექნებათ.
"Amp შთაგონებულია იმით, რაც მომხმარებლებს რადიოში უყვართ და რისი გაკეთებაც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი. ადამიანები მუსიკის აღმოჩენასა და გაზიარებაში ევოლუციას ეძებენ, Amp კი ამ ყველაფერს თავიდან განსაზღვრავს", — წერს Amp-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯონ ჩიანკუტი.
აპლიკაციის ბეტა ვერსია, ჯერჯერობით, მხოლოდ iPhone-ზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ამისთვის, Clubhouse-ის მსგავსად, მოსაწვევის მიღებაა საჭირო. გარდა ამისა, წვდომის მისაღებად პლატფორმაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ, რის შემდეგაც მომლოდინეთა რიგს შეუერთდებით.
კომენტარები