გიორგი ვაშაძე, რომელმაც გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია დატოვა, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ვაშაძის აქტიური მხარდამჭერი ვანო ჩხარტიშვილია.

"ეს უკვე სასაცილო ბრალება გახდა, პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ ყვითელი პრესის დონეზე დავიდან უკვე ეს საკითხი. 2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო?", — აღნიშნა ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში.

მისი აზრით, ოპოზიციის გამარჯვებას მათ ლიდერებზე თავდასხმა ხელს შეუწყობს. ვაშაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობაში არ გადავა არავინ და აცხადებს, რომ რომც გადავიდეს, თვითონ ამაში "არ აყვება".

"ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა. მე არ ვაპირებ არც ერთ ასეთ ბრალდებას გავცე პასუხი ძალიან მარტივი მიზეზის გამო — ის ნაბიჯი, რაც გადავდგი, გადავდგი აბსოლუტურად გააზრებულად იმისთვის, რომ მეტი ხმა წამოვიღოთ გააზრებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობაში არ გადავა არავინ და რომც გადავიდეს, არასდროს არ ავყვები ამაში", — თქვა ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, უწყობს თუ არა რამეში ხელს ვანო ჩხარტიშვილი, ვაშაძემ ასე უპასუხა:

"არა, არა, ეს ყველამ იცის. 2012 წლიდან მოყოლებული, 2010 წლიდან მოყოლებული... ასეთი ბრალდება ჩემთან მიმართებაში პირველად ხომ არ არის. ერთი ფაქტი მითხარით, თუ მე არ ვარ წინა ხაზზე, წინის წინა ხაზზე ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გიორგი ვაშაძის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია დატოვების კომენტირებისას განაცხადა, რომ ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია. ეს ის ბიზნესმენია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებენ.

დღეს, 27 ივლისს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. მათი განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე კიდევ ორ სუბიექტს — ახალი საქართველო და კანონი და სამართალს აერთიანებს.