როგორ გამოიყურება მეტროსადგურები, რომელთა რეაბილიტაციის დასრულებას კალაძე ზაფხულის ბოლომდე გვპირდება
რა ხდება: დღეს, 1-ელ იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვარკეთილის და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
თბილისის მერის თქმით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის სურვილი, გარკვეული დროის განმავლობაში, არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა და პროცესი ამიტომ "გაიწელა".
- "თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დაასრულებს", — თქვა კალაძემ.
კალაძის ამ განცხადების გავრცელებისთანავე, On.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურებში.
- ადგილზე მისულებს, იქ ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა.
- კალაძე კი ამბობს, რომ ამ მეტროსადგურების რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი ორივე მეტროში შეჩერებულია.
რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ორივე მეტროს რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს
ორივე მეტროსადგურის რეაბილიტაციას კომპანია ბადა ქონსთრაქშენი ახორციელებს.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბადა ქონსთრაქშენის მფლობელი ოცნების შემომწირველია.
- საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელმაც 2014 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
- მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ბადა ქონსთრაქშენს შორის ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა.
- სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 22 სექტემბრამდეა.
რა დაჯდება მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაცია: მეტროს რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტისთვის კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 398 611 ლარი გამოეყო.
რა ვიცით მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციაზე: წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტის სამუშაოები მიმდინარეობს.
2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის, პირდაპირი წესით გააფორმა ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან — ბადა ქონსთრაქშენთან.
- თავდაპირველად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლის 15 ივლისამდე.
- ამ პერიოდში მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 198 341 ლარი გამოიყო.
- აქედან თანხის 36%, რაც 1 500 000 ლარია, თბილისის მერიამ ბადა ქონსთრაქშენს ხელშეკრულების გაფორმებისას გადაუხადა.
- საგულისხმოა, რომ მერიამ 2023 წლის 14 ივლისს კომპანიასთან დამატებით გააგრძელა ხელშეკრულების ვადა კიდევ 8 თვით — 2024 წლის 15 მარტამდე.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროცესი პრობლემურია 2018 წლის იანვრიდან: ახლახან 5 წელი შესრულდა, რაც ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა.
- ჭერი ჯერაც არ შეკეთებულა.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ქრონოლოგია:
თავდაპირველად, 2018 წელს, მეტროსადგურ ვარკეთილის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა.
- რემონტის მიღება-ჩაბარების აქტში ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვებოდა — თბილისის მერმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის გარეშე განხორციელდა.
- ექსპერტიზის დასკვნაზე ინფორმაციის მისაღებად On.ge-ს სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის წინააღმდეგ დავა ჰქონდა — სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიამ ინფორმაცია არ გასცა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
2019 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ სირცხვილია როცა 1 წლის თავზე ვარკეთილის ჭერი ისევ არ არის გაკეთებული.
- "ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ იმის გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ხან ტენდერი ვარდება", — ამბობდა მაშინ თბილისის მერი.
- 2022 წლის იანვარში კი აცხადებდა, რომ "თავისი ახსნა აქვს", რატომ არ ჩატარებია ვარკეთილის ჭერს რეაბილიტაცია.
- მისი განმარტებით, უსაფრთხოების შესასწავლად და მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, კვლევები და ექსპერტიზები მიმდინარეობდა.
2022 წლიდან ვარკეთილის რეაბილიტაციის დაუსრულებელ პროცესში კიდევ ერთი კომპანია ჩნდება: 2022 წლის გაზაფხულზე ვარკეთილის მეტროს თითქმის გაორმაგებულ, 12,8-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა კომპანია მამისონმა, რომლის მეწილეც ქართული ოცნების შემომწირველი იყო.
- თუმცა, იმავე წლის 9 ნოემბერს მერიაში განაცხადეს, რომ რეაბილიტაცია ჩერდება და კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს.
- როგორც უწყებაში განმარტეს, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი და ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.
- მაშინ სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ ხელახლა იწყებდნენ ბაზრის კვლევებს.
- კომპანიის დირექტორმა, დავით ხიდაშელმა კი On.ge-ს უთხრა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის გაჩერების გარეშე მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო.
- "ხალხის მოძრაობის პირობებში ჩვენ მაგას ვერანაირად ვერ შევფუთავდით. ამიტომ ვთხოვეთ გაჩერება ორ თვე ნახევარი და ამაზე მიდიოდა ვაჭრობა სატრანსპორტო კომპანიასთან", — უთხრა მაშინ ხიდაშელმა On.ge-ს.
- კითხვაზე, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მან თქვა: "არ მუშაობთო. არ გვანებებდნენ მუშაობას და როგორ უნდა გვემუშავა".
კომენტარები