Sony-მ PlayStation VR2-ის დიზაინი ოფიციალურად გვიჩვენა
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Sony-მ ახალი PlayStation VR2-ის დიზაინი საბოლოოდ გვანახა. იაპონურმა გიგანტმა ახალი ვირტუალური რეალობის სათვალეები გასული წლის თებერვლაში დააანონსა. უშუალოდ კონტროლერები მარტში ვიხილეთ, ხოლო სახელი და მონაცემები კი 2022 წლის იანვარში გახდა ჩვენთვის ცნობილი.
ახალი სათვალის დიზაინი იმავე ფერთა გამას იზიარებს, რასაც PlayStation 5. ის შავ-თეთრ ფერებშია გაწყობილი და მიუხადავად იმისა, რომ პირველი თაობის PS VR-ისაგან დიდად არ განსხვავდება, მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც არის. VR 2-ში განახლდა გაგრილების სისტემა, ასევე სათვალემ მიიღო ლინზების დარეგულირების ფუნქცია და მცირედით, თუმცა საგრძნობლად შემცირდა წონაში. PlayStation 5-ის ჯოისტიკის, DualSense-ის მსგავსად PS VR2-ს PlayStation-ის ლოგოებიანი ტექსტურა აქვს, რომელიც რთულად დასანახია თუ მოწყობილობას ახლოდან არ დავაკვირდებით.
სათვალეს ტაქტილური ძრავები, თვალის მდებარეობის დამდგენი სენსორები, 90/120-ჰერციანი განახლების სიხშირე და 4K HDR გარჩევადობის ეკრანები ექნება. ის 110-გრადუსიან ხედვის კუთხესაც მიიღებს და PS5-თან მხოლოდ ერთი USB-C კაბელით დაკავშირდედბა.
PS VR-ის პირველი თაობა ხუთი წლის წინ გამოვიდა და განახლების დრო ნამდვილად იყო. PS5-თან დაკავშირებული PS VR 2 ნამდვილად გაგრძნობინებთ, რომ ეს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალეა განახლებული შესაძლებლობებით. Sony ვირტუალური სამყაროს წახალისებასაც ცდილობს და PlayStation Plus-ის წევრებისთვის კომპანია უფასო თამაშებსაც გვთავაზობს ხოლმე.
PS VR2-ის ეკრანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4K HDR გამოსახულებასა და 110-გრადუსიან ხედვის კუთხეს მოგცემს. ორივე თვალისთვის განკუთვნილი ეკრანი 2000x2040 გარჩევადობის მქონე OLED პანელი იქნება, 90/120-ჰერციანი განახლების სიხშირით.
სათვალეში ჩაშენებული იქნება კამერები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი კონრტოლერების აღქმას შეძლებენ. ამის დახმარებით, ჩვენი მოძრაობა და ხედვის მიმართულება თამაშში პირდაპირ აისახება და ვირტუალური სათვალე დამატებით გარე კამერებს აღარ საჭიროებს.
PS VR2-ის Sense Technology აერთიანებს თვალის მონიტორინგს, 3D აუდიოს, ტაქტილურ სენსორებსა და Sense კონტროლერს. მათი ერთიანობა ძალიან ღრმა და რეალისტურ შეგრძნებებს მოგვცემს. უკეთ რომ ავხსნათ, სათვალე მიიღებს დამატებით ტაქტილურ სენსორებსა და ჩაშენებულ ვიბრაციის მოტორს. მათი მეშვეობით თამაშში დაძაბული მომენტების ან რბოლის დროს მანქანის აჩქარებისას, პერსონაჟის პულსის ცვლილებასაც კი ვიგრძნობთ, რაც თამაშიდან მიღებულ სიამოვნებას გაცილებით გაზრდის. ამ ყველაფერს თან, რაღა თქმა უნდა, 360-გრადუსიანი ხმაც უნდა ახლდეს... სონიმ ამაზეც იფიქრა და PS5-ის Tempest 3D AudioTech ჩვენ გარშემო 360-გრადუსიან ხმას შექმნის.
რაც შეეხება თვალის მონიტორინგს, PS VR2-ს შეუძლია ამოიცნოს თუ როგორ მოძრაობს თქვენი თვალის ბადურა, ამიტომ თუ თვალების გაამოძრავებთ ეს თამაშში პერსონაჟის ხედვის მიმართულებაზეც აისახება. ეს დაგვეხმარება უკეთ შევიცნოთ ის ვირტუალური სამყაროები, სადაც თამაშის დროს მოგზაურობა მოგვიწევს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები