Google უფრო ბნელ ღამის რეჟიმს ცდის
აქამდე Google-ს ღამის რეჟიმი უფრო მონაცრისფრო იყო, თუმცა ბოლო დღეებში ზოგიერთი მომხმარებლის დესკტოპის საძიებოში სრულიად შავი ვარიანტი გამოჩნდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია გეგმავს, შეცვალოს ფერი, რომელიც ტესტირების შემდეგ შესაძლოა, ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ცდაში ჩართული ადამიანების კომპიუტერებში ძიების შედეგებს ნაცრისფრის ნაცვლად, მუქი შავი ფონი, კოდით #000000, ახლავს თან. ამის გარდა, უკვე მონახულებული ბმულები უფრო მკვეთრი იისფერია. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ვებგვერდების მისამართებზეც, რომელთა სილურჯე შედარებით მკაფიოდ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ Google-ს მთავარი გვერდი უცვლელია და ისევ ნაცრისფერია, სწრაფი პარამეტრების პანელში კი შავი ფონი უბრალოდ "ბნელით" არის მოხსენიებული. ვიზუალურად, პირველი ვარიანტი ნაკლებად გამაღიზიანებელია, როცა ღია ფერის საიტებზე გადავდივართ. ვარაუდობენ, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო, კომპანია ძველსა და ახალს შორის არჩევანს დაგვიტოვებს.
მედიის ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილე პირველი მომხმარებლების საძიებოში ზემოხსენებული სიახლე უკვე გაქრა. როცა ის საბოლოოდ ჩაეშვება, დიდი ალბათობით, ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს მოერგება.
კომენტარები