საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა Axel სტარტაპი Theneo დააფინანსა
Axel-მა, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ Theneo-ში პირველი სინდიკატირებული ინვესტიცია განახორციელა.
ინვესტიცია Axel-ის საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზთა სამიტის შემდეგ განხორციელდა, ეს უკანასკნელი კი თბილისის მერიასთან თანამშრომლობითა და საქართველოს ბანკის, Visa-ისა და Grant Thornton-ის მხარდაჭერით ჩატარდა. სამიტზე Theneo ერთ-ერთი იყო იმ ათ სტარტაპს შორის, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგნენ.
Theneo ანა რობაქიძისა და მარია დოლიაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც კონტენტის შექმნის პროცესის ავტომატიზაციაზე მუშაობს და დეველოპერებისთვის მაღალხარისხიანი ინტერაქციული API-ების დოკუმენტაციის აგებას აჩქარებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Theneo ამერიკული სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის 2022 წლის ზამთრის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
"მოხარული ვართ, რომ შევძელით, ჩვენი წევრებისთვის ინვესტიციის განხორციელების საშუალება მიგვეცა API დოკუმენტაციის არაჩვეულებრივ ხელსაწყოში, რომელიც დეველოპერებსა თუ გუნდის სხვა წევრებს საქმეს ძალიან გაუმარტივებს. ასევე, ნდობით ვართ განწყობილნი ქართველი სტარტაპერების, ანასა და მარიას მიმართ, რომლებიც Theneo-ს გლობალური მასშტაბის წარმატებულ პროექტად აქცევენ", — ამბობს Axel-ის მმართველი დირექტორი, თათული ოქრიაშვილი.
"Theneo ძალიან მადლიერია, რომ Cartool-თან კოლაბორაციით Axel მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ჩვენს სტარტაპს. Axel, ისევე როგორც Theneo, პირველ ნაბიჯებს დგამს. დიდი იმედებითა და ინტერესით ველოდებით იმ ერთობის ხილვას, რომელსაც მომავალში შევქმნით", — ამბობს ანა რობაქიძე, Theneo-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
2021 წლის ივნისიდან დღემდე, Axel-ის წევრებსა და პარტნიორებს არაერთი ინდივიდუალური ინვესტიცია განუხორციელებიათ სხვა ქართულ სტარტაპებში, თუმცა Theneo-ის შემთხვევა პირველია, როცა ჩეკი სინდიკატმა — ანგელოზ ინვესტორთა გუნდმა გამოწერა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ Axel-ისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოში ანგელოზ ინვესტირებისა და ქვეყნის ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემისთვისაც.
Axel, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, უკვე 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.
ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და მიზნად ისახავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველ მეწარმეებში ჭკვიანი ფულის ინვესტირების ფასილიტაციით საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბრიდან Axel ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) წევრია.
კომენტარები