Twitter-ის განცხადების თანახმად, პლატფორმაზე ამიერიდან პირადი მიმოწერების ჩამაგრება შეგეძლებათ. ფუნქცია აქამდე მხოლოდ Twitter Blue გამომწერებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მისით სარგებლობას Android-ის, iOS-ისა და ვებ-ვერსიის ყველა მომხმარებელი შეძლებს.

ფუნქცია ჯერჯერობით სრულად არ გამოსულა, ყველასათვის ხელმისაწვდომი კი უახლოეს მომავალში გახდება. იმისათვის, რომ iOS აპლიკაციაზე ჩამაგრების ნიშნული გამოჩნდეს, კონკრეტული სასაუბრო უნდა ამოარჩიოთ და თითი გვერდზე გაუსვათ. მასზე დაჭერის შემთხვევაში სასაუბრო ჩამაგრებული სასაუბროების "Pinned conversations" სექციაში გამოჩნდება დანარჩენი შეტყობინებების თავზე.

ეს საშუალებას მოგცემთ, სასურველი მიმოწერები უფრო თვალსაჩინო ადგილას მოაქციოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ 6 სასაუბროს ჩამაგრება შეგიძლიათ.

მართალია, ფუნქცია უფრო ფართო აუდიტორიისათვის ხდება ხელმისაწვდომი, თუმცა ორი სხვა მახასიათებელი Twitter Blue-სათვის მაინც ექსკლუზიურია: შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვის შესაძლებლობა და NFT პროფილის სურათები. მათით სარგებლობისათვის Twitter Blue უნდა გამოიწეროთ, რომლის ღირებულებაც აშშ-ში თვეში 2,99 დოლარს შეადგენს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში კი განსხვავებულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.