5 უფასო აპლიკაცია, რომელიც დროის მართვაში დაგეხმარებათ
დღევანდელობის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ხშირად დღისა და შესასრულებელი საქმის ორგანიზება საკმაოდ რთულია. ბევრ ადამიანს ქაოსის თავიდან ასაცილებლად საკუთარი აზრების ვიზუალიზაცია და გეგმის სახით წარმოდგენა ეხმარება.
სტატიაში რამდენიმე აპლიკაციას წარმოგიდგენთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ყოველდღიური ცხოვრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და გზადაგზა მცირე მოტივაციასაც მოგცემთ:
1. Todoist
Todoist-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა, რომელიც საქმის ზედმიწევნით დაგეგმვასა და ორგანიზებაში დაგეხმარებათ. მოტივაციისთვის, მიზნების მიღწევის სანაცვლოდ Todoist Karma-ს ქულებს იღებთ, მოხსენებების საშუალებით კი შეგიძლიათ, საკუთარ პროგრესს თვალი ადევნოთ.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ:
- სწრაფი დამატების Quick Add ფუნქციით მხოლოდ რამდენიმე დაჭერით შექმნათ და დაახარისხოთ საქმეები;
- წამოიწყოთ პროექტები და შედარებით პატარა დავალებებად დაანაწევროთ;
- თითოეულ დავალებას პრიორიტეტულობის მიხედვით შესაბამისი ფერი მიანიჭოთ;
- დავალებებს საბოლოო ვადები გაუწეროთ, განმეორებად დავალებებს კი — განმეორებადი ვადები;
- მიიღოთ წერილობითი შეხსენება საბოლოო ვადებთან დაკავშირებით.
აპლიკაცია უფასოა, თანხის გადახდა კი პრემიუმ ვერსიის არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ. Todoist ხელმისაწვდომია როგორც Android-სა და iOS-ზე, ასევე სხვადასხვა ბრაუზერებზეც.
2. Forest
ამ შედარებით ინოვაციური აპლიკაციის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას რგავთ ხეს, მის ბოლომდე გასაზრდელად კი შესასრულებელ საქმეზე ფოკუსირდებით, ანუ Forest-იდან სხვა აპლიკაციაზე არ გადადიხართ. თუკი მუყაითად იმუშავებთ, თქვენივე ვირტუალურ ტყეს გაზრდით.
დამატებითი მოტივაციისათვის, სხვა ჯილდოებთან ერთად, თანდათანობით ხის 30-ზე მეტი ჯიშით სარგებლობა შეგიძლიათ. ამასთანავე, Trees.org-თან პარტნიორობით, აპლიკაციის დეველოპერები აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში რეალური ხეების დარგვასაც გვპირდებიან.
Forest ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ასევე Chrome და Firefox ბრაუზერებზე. აპლიკაციის საბაზისო ვერსია უფასოა, დამატებითი შენაძენის შემთხვევაში კი თვეში მეტის გადახდა დაგჭირდებათ.
3. Google Calendar
დღის, კვირისა თუ თვის აქტივობებისათვის თვალის გადასავლებად Google Calendar საკმაოდ მოსახერხებელი აპლიკაციაა. ახალი ღონისძიებებისა თუ მოვლენების დამატება როგორც კომპიუტერიდან, ასევე ტელეფონიდანაც შეგიძლიათ, ყველაფერი კი, დროის ზონების მიუხედავად, სინქრონიზებული რჩება.
Google Calendar არაერთ მსგავს აპლიკაციასთან ინტეგრირდება, ამიტომაც პროდუქტიულობის არსებულ სისტემას იგი საკმაოდ მარტივად მოერგება. ამასთანავე, მას შეუძლია, Gmail-ზე მიღებული შეტყობინებების მიხედვით ღონისძიებები ავტომატურად შექმნას.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ:
- დილითვე მიიღოთ მეილი, რომელიც იმ დღით შესასრულებელი საქმის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას;
- კალენდრის გვერდით შექმნათ გასაკეთებელი საქმეების სია;
- საქმის კურსში დარჩეთ მოახლოებული შეხვედრებისა და საქმეების შესახებ;
- მოძებნოთ დავალებები;
- იხილოთ დავალებები დღეების, კვირებისა და თვეების მიხედვით;
- მიიღოთ შეხსენებები და გაწეროთ საბოლოო ვადები.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ასევე ონლაინ.
4. Focus Keeper
Focus Keeper აპლიკაციაა, რომელიც სწავლაში Pomodoro-ს მეთოდის გამოყენებით გეხმარებათ. თუ ერთი Pomodoro-ს, ანუ 25 წუთის განმავლობაში ისწავლით, ამის შემდეგ ხუთ-წუთიანი შესვენებით სარგებლობა შეგეძლებათ. ოთხი ასეთი Pomodoro-ს დასრულების შემდეგ კი შედარებით ხანგრძლივად, 15-30 წუთის განმავლობაში დაისვენებთ. ამგვარი მეთოდი დაგეხმარებათ, უკეთ კონცენტრირდეთ და პროდუქტიულობის ხარისხი გააუმჯობესოთ.
აპლიკაციაში 25-წუთიანი Pomodoro დაგხვდებათ, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული აქვს მოკლე, ხუთ-წუთიანი და შედარებით ხანგრძლივი, 25-წუთიანი შესვენებები. Focus Keeper საშუალებას გაძლევთ, მოცემულ სესიაში შესასრულებელი Pomodoro-ების სასურველი რაოდენობა შეარჩიოთ.
დასვენებისა და სამუშაო დროის გასამიჯნად არაფერზე დაჭერა არ გჭირდებათ — 25 წუთიდან ხუთ-წუთიან შესვენებამდე აპლიკაცია თავად გადადის. ამასთანავე, შესვენებებისა და Pomodoro-ების დაპაუზება/გამოტოვება შეგიძლიათ.
აპლიკაციაში დაგხვდებათ გრაფაც, რომელიც უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში შესრულებული Pomodoro-ების რაოდენობას გიჩვენებთ, უფრო ხანგრძლივი პერიოდის სანახავად კი პრემიუმ ვერსიის შეძენა მოგიწევთ.
Focus Keeper ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
5. Habitica
Habitica სრულიად უფასო აპლიკაციაა, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმეებს თამაშად გადააქცევს.
იგი საშუალებას მოგცემთ:
- შექმნათ საკუთარი ავატარი;
- განავითაროთ/ჩამოიშოროთ სასურველი ჩვევები;
- კვირის დღეების მიხედვით დაამატოთ განმეორებადი საქმეები;
- გაწეროთ დავალებები და მიუთითოთ მათი საბოლოო ვადები;
- ფუნქციონირების დონის შესაბამისად, დაჯილდოვდეთ ან დაისაჯოთ;
- დაამყაროთ სოციალური კავშირები.
თამაშის დაწყებისას საკუთარი ავატარი უნდა შექმნათ და გარეგნობა შეურჩიოთ. იგი სიაში შეტანილი საქმეების შესრულებასთან ერთად ოქროთი ჯილდოვდება და ძლიერდება, თანდათანობით კი თამაშში არსებულ უფრო და უფრო მეტ ფუნქციასა და ჯილდოს ხსნით. დავალების გამოტოვების შემთხვევაში, ავატარს ოქრო, ანდა ჯანმრთელობის ქულები ეკარგება.
შეგიძლიათ, აპლიკაციაში სასურველი ჩვევაც დაგეგმოთ, თუნდაც ჯანსაღი კვება. ამ შემთხვევაში, თუკი რაიმე ჯანსაღს შეჭამთ, ქულებს მოიპოვებთ, არაჯანსაღი საკვების მირთმევის შემთხვევაში კი — დაკარგავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ Habitica-ში შეგიძლიათ, აპლიკაციის სხვა მომხმარებლებს შეუერთდეთ და მონსტრებს ერთად ებრძოლოთ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ასევე iOS-სა და Android-ზეც.
კომენტარები