Samsung-მა ახალი ფლაგმანები წარადგინა — რა უნდა ვიცოდეთ Galaxy S22 სერიის სმარტფონებზე
Samsung-მა გუშინ 2022 წლის პირველი Galaxy Unpacked ღონისძიება გამართა, სადაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Galaxy S22 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა — Galaxy S22 და Galaxy S22 Plus. ამასთანავე, სამსუნგის გულშემატკივრებსა და უბრალოდ სმარტფონების მოყვარულებს გეცოდინებათ, რომ Galaxy Note ბოლო ორი წელია სამსუნგს აღარ გამოუშვია. როგორც ჩანს, კომპანია გეგმებს ცვლის. Galaxy S22-ისა და S22 Plus-ის გარდა, სამსუნგმა Galaxy S22 Ultra-ც წარადგინა, რომელსაც კალამიც მოყვება და დიზაინითაც Note სერიას მოგვაგონებს.
Samsung-ის თქმით, S22 Ultra-ს S-Pen უფრო მგრძნობიარე იქნება. წლევანდელ სმარტფონებში დიდი ცვლილებები არ არის, მცირედით შეიცვალა დიზაინი და გაუმჯობესდა ღამის ფოტოგრაფიის რეჟიმი. ჩვენდა სასიხარულოდ, S-Pen კალამი Galaxy S22 Ultra-ს ყუთიდანვე მოყვება.
მიუხედავად იმისა, რომ Galaxy S22 და S22 Plus სამსუნგის წლის მთავარი ფლაგმანები იქნებიან, ისინი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან და მეტიც, წინა წლის სმარტფონებსაც კი გვანან. თუმცა, სამსუნგი გვარწმუნებს, რომ გამძლეობის მხრივ S22 სერია ბევრად უკეთესი იქნება და ამ მოდელებში პორტრეტის გადაღების რეჟიმიც საგრძნობლად დაიხვეწება.
Samsung-მა პრეზენტაციაზე ახალი ანდროიდ ტაბლეტების ხაზიც წარადგინა. ანდროიდ ტაბლეტები ბაზარზე პოპულარობით ვერ სარგებლობს. პირველ რიგში, მათი არჩევანი ძალიან მწირი იყო, ამას რომ თავი დავანებოთ, Apple-ის iPad-ები უბრალოდ იდეალური ვარიანტია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ერთ ეკოსისტემაში ჩართული ტაბლეტი. ამ ნავსის გატეხვა სურს სამსუნგს და საკმაოდ სასიხარულოა, როდესაც ბაზარზე ტოპ მონაცემების მქონე ანდროიდ ტაბლეტის პოვნაა შესაძლებელი.
მოდით ახლა სმარტფონების მცირე მიმოხილვაზე გადავიდეთ.
Galaxy S22 Ultra ანუ ახალი Galaxy Note
მოდით შევთანხმდეთ, რომ Galaxy S22 Ultra ნოუთ სერიის გამგრძელებელია. მისი კალმის დაყოვნება ეკრანთან შეხებისას მხოლოდ 9 მილიწამი იქნება.
კამერის მახასიათებლები იგივე დარჩა, რაც წინა წლის ფლაგმანზე იყო. აქ ვხვდებით 108 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, 3x და 10x ტელეფოტო ლინზებსა და ულტრაფართო კამერას. მიუხედავად იმისა, რომ კამერები ფიზიკურად არ გაუმჯობესებულა, სამსუნგი გვარწმუნებს, რომ დაბალ განათებაში და პორტეტის რეჟიმში სმარტფონი გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს.
აღსანიშნია ისიც, რომ სმარტფონი 45 ვატიან სწრაფი დამუხტვის ფუნქციას მიიღებს. Galaxy S22 Ultra-ს საწყისი ფასი 1 199 დოლარი იქნება. ამ ფასად 128 გიგაბაიტიანი ვერსიის ყიდვას შევძლებთ.
Galaxy S22 და Galaxy S22 Plus
Galaxy S22 და S22 Plus ერთმანეთსაც გვანან და გასული წლის ფლაგმანებსაც, თუმცა ორივემ ახალი ფერები და კამერის კუნძულის ახალი დიზაინი მიიღო.
ორივე სმარტფონი უკნიდანაც და წინიდანაც Gorilla Glass Victus Plus დამცავი შუშით აღიჭურვა. ეკრანების ზომა 6.1 და 6.6 ინჩი იქნება. ორივე სმარტფონის ეკრანის გარჩევადობა 2340 x 1080-ს შეადგენს.
როგორც Ultra-ს შემთხევაში, გაუმჯობესდა S22-ისა და S22 Plus-ის ღამით გადაღებისა და პორტრეტის რეჟიმები.
Galaxy S22-ის საწყისი ფასი 799 დოლარი იქნება, ხოლო Plus ვერსიის შეძენას 999 დოლარად შევძლებთ. ორივე სმარტფონის საბაზისო ვერსიას 128გბ შიდა და 8გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება.
Galaxy Tab S8, S8 Plus და S8 Ultra
ეს შეიძლება ანდროიდ ტაბლეტების აღზევებადაც კი ჩავთვალოთ. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ამ მხრივ ბაზარზე არჩევანის სერიოზული ნაკლებობა იყო. დღემდე, თუ კარგი და მძლავრი ტაბლეტის შეძენა გვსურდა, ერთადერთი არჩევანი iPad იყო, თუმცა სამსუნგს ამის შეცვლა სურს.
ახალი Galaxy Tab S8 Ultra გიგანტური, 14.6 ინჩიანი OLED ეკრანით აღიჭურვება. ყველა სხვა დანარჩენი მონაცემი ზუსტად ისეთია, როგორიც ნამდვილ მონსტრს შეეფერება. 14..6 ინჩიანი S8 Ultra-ს საწყისი ფასი 1 099 დოლარი იქნება.
Galaxy Tab S8 Plus, ისევე როგორც Ultra, 120 ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე OLED ეკრანს მიიღებს. S8 Plus ულტრასთან შედარებით მცირედით პატარაა და მისი ეკრანის ზომა 12.4 ინჩს შეადგენს. Plus მოდელის საწყისი ფასი 899 დოლარი იქნება.
გარდა ამ ორი ტაბლეტისა, სამსუნგმა შედარებით მომცრო და იაფიანი Tab S8-ც წარადგინა. ტაბლეტს 11 ინჩიანი TFT ეკრანი ექნება და მის ყიდვას 699 დოლარად შევძლებთ. რაღა თქმა უნდა სამივე მოდელი Android 12-ზე იმუშავებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები