Reddit-ს აუდიო კომუნიკაციის კუთხით სიახლეები აქვს — რა შეიცვალა
Reddit Talk-ი აუდიო-ზარებისათვის განკუთვნილი სივრცეა, ამიერიდან კი აქ უკვე საუბრების ჩაწერაც შეგეძლებათ.
როგორც Reddit-ის ბლოგზე ვკითხულობთ, საშუალება გექნებათ, ძველ საუბრებს მოუსმინოთ, ასევე კონკრეტულ დროზე გადართოთ, ჩანაწერი დააპაუზოთ ან მოსმენა განაგრძოთ, წინ და უკან სწრაფად გადაახვიოთ. ეს მომხმარებლებისათვის პოდკასტის მაგვარი სესიების ჩაწერასა და გავრცელებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
Reddit-მა განაცხადა ისიც, რომ თავისი Talk-ი ქსელში რამდენიმე მოსახერხებელ ფუნქციასთან (ისინი მობილურზე უკვე ხელმისაწვდომია) ერთად გადმოაქვს. მსმენელებს სალაპარაკოდ ხელის აწევა, ხოლო მოდერატორებს კი მომხმარებელთა დადუმება და სპიკერობიდან მოხსნა შეეძლებათ. პლატფორმის ინფორმაციით, Talk-ი თვის ბოლოს დესკტოპის აპლიკაციისთვისაც გამოვა.
პლატფორმა მსმენელებს რეალურ დროში ტექსტისა და სტიკერების საშუალებით კონტაქტის საშუალებას მისცემს. ამ ცვლილებამდე მომხმარებლებს მხოლოდ ხელის აწევა შეეძლოთ, როცა საუბარი სურდათ. სავარაუდოდ, ორი დამატებითი საკომუნიკაციო გზა საუბრებში ჩართულობას გაზრდის, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა ზოგიერთ მომხმარებელს კომენტარის გაკეთება უნდა, თუმცა მიკროფონით საუბარი — არა.
პლატფორმის ცნობით, მობილურის ვერსიაზე ცდიან ზოლს, რომელიც "Home" ველში გამოჩნდება და საუბრების მიმდინარეობას გიჩვენებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ Reddit-მა Talk-ი გასული წლის აპრილში გაგვაცნო, აქედან მოყოლებული კი, აუდიო სესიების მასპინძლობა მხოლოდ მომლოდინეთა სიაში შეერთებულ მოდერატორებს შეუძლიათ. როგორც ჩანს, პლატფორმა არ აპირებს, Talk-ს კონტროლის საშუალება ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც მისცეს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Reddit-ი Talk-ის დახვეწას ცდილობს და სურს, სხვადასხვა ფუნქციების დამატებით Clubhouse-სა და მსგავს პლატფორმებს კონკურენცია გაუწიოს. Spaces-სა და Clubhouse-ს ჩანაწერების გაკეთების ფუნქცია უკვე აქვს, ამიტომაც Reddit-ის ამგვარი გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს.
კომენტარები