ბირთვული სინთეზის კუთხით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა — 59 მეგაჯოული 5 წამის მანძილზე
ევროპელი მეცნიერები აცხადებენ, რომ პრაქტიკული ბირთვული სინთეზის კუთხით ახალ გარღვევას დაუდეს საფუძველი.
დიდ ბრიტანეთში არსებულმა JET ლაბორატორიამ თავისივე მსოფლიო რეკორდს გადააჭარბა და ექსპერიმენტების ფარგლებში ხუთი წამის მანძილზე 59 მეგაჯოული ენერგია წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტესტებში 1997 წლისთვის ამაზე ორჯერ ნაკლები შედეგის დადებას ახერხებდნენ.
ბირთვული სინთეზი ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესია. ამ დროს ორი მსუბუქი ბირთვი ერთმანეთს ერწყმის და უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის, შედეგად კი დიდი ენერგია გამოიყოფა. თუკი დედამიწაზე მის გამეორებას წარმატებით მოახერხებენ, შესაძლოა, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგია მივიღოთ.
მართალია, ამჯერად გამოსავალი ძალიან დიდი არ არის — ენერგია დაახლოებით 60 ჩაიდანი წყლის ადუღებას თუ ეყოფა — თუმცა მნიშვნელოვანია ის, რასაც მოვლენა ამტკიცებს: შედარებით დიდი ბირთვული რეაქტორის აგებისას (იგი საფრანგეთში შენდება) სწორი დიზაინები გამოიყენეს.
"JET ექსპერიმენტები ბირთვული სინთეზის ენერგიასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს", — განაცხადა დოქტორმა ჯო მილნსმა, რეაქტორის ლაბორატორიაში მიმდინარე ოპერაციათა უფროსმა — "ვაჩვენეთ, რომ ჩვენი მოწყობილების შიგნით მინი ვარსკვლავის შექმნა, მისი ხუთი წამით შენარჩუნება და ჩვეულებრივზე კარგი შედეგების დადება შეგვიძლია, რასაც ნამდვილად ახალ შესაძლებლობებამდე მივყავართ".
კომენტარები