მეცნიერებმა შექმნეს კბილის ხელოვნური მინანქარი, რომელიც ჩვეულებრივზე მტკიცეა
მეცნიერთა გუნდმა შექმნა კბილის ხელოვნური მინანქარი, რომელიც ჩვეულებრივზე მტკიცე და გამძლეა. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Science ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ. ახალმა მიგნებამ, შესაძლოა, ჩვენს პირის ღრუში განლაგებული ამ მოთეთრო შეფერილობის სტრუქტურების დაშლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს.
კბილის რეალურ გარსზე ბევრად მყარი სინთეტიკური მატერიის მისაღებად, სპეციალისტებმა ადამიანის ორგანიზმში არსებული, ერთმანეთთან დაკავშირებული კალციუმის ნანოკრისტალების მსგავსი მასალა დაამზადეს. ეს გახლავთ ნანოკომპოზიტური სისტემა, რომელიც სიმტკიცეს ინარჩუნებს და ვისკოელასტიკურიცაა.
მკვლევრებმა ის სხვადასხვა ფორმის მქონე ობიექტების ზედაპირის საფარველის სახით გამოცადეს, მათ შორის ადამიანის კბილის. შედეგად, დაასკვნეს, რომ ასეთი მინანქარი მაგარი, მდგრადი, ძლიერი და მყარია, რითაც სხვა ამგვარ სუბსტანციებს სჯობს.
მისი კომერციული წარმოებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, თანაც გასარკვევია, რამდენად გაძლებს ის ჩვენს პირის ღრუში დიდი ხნის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ავტორები ზემოხსენებულ მატერიაზე დიდ იმედს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ მას, გამორჩეული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვა დანიშნულებაც შეიძლება მოვუძებნოთ (დაზიანებული ძვლების გამთელება, გულის სტიმულატორის დამზადება და ა.შ.).
კომენტარები