უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად, Google Chrome ლოგოს იცვლის
2014 წლიდან მოყოლებული პირველად, Google Chrome ლოგოს იცვლის. Chrome-ის დიზაინერი ელვინ ჰუ ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს და ლოგოს ახალ დიზაინს წარმოგვიდგენს.
2008 წლიდან დღემდე, Chrome-ის ხატულა უფრო და უფრო მარტივდება, თავდაპირველი სამგანზომილებიანი ემბლემა კი უკვე 2D ფორმით ჩანაცვლდება. ახალ ლოგოში წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები მოცულობითი აღარ არის, ცენტრში მოთავსებული ლურჯი წრე კი შედარებით დიდია.
აშკარაა, რომ ლოგოში ფერები წინასთან შედარებით უფრო ხასხასაა (სავარაუდოდ, ჩრდილების მოშორებიდან გამომდინარე), თუმცა შემდეგი ცვლილება შედარებით შეუმჩნეველია: Google-ის დიზაინერებმა აღმოაჩინეს, რომ "მწვანისა და წითლის კონკრეტული ტონალობების გვერდიგვერდ მოთავსება ფერის უსიამოვნო ვიბრაციას იწვევდა". იმისათვის, რომ ლოგო "მეტად ხელმისაწვდომი" გაეხადათ, მათ თითქმის შეუმჩნეველი გრადიენტები გამოიყენეს და პრობლემა ასე გადაჭრეს.
მიუხედავად ამისა, Chrome-ის ახალი ლოგო (ამოცანათა პანელზე გამოსახული ლოგო, რომელსაც ქსელში შესასვლელად ვაჭერთ) ყველა სისტემაში ერთნაირი არ იქნება. მაგალითად: ChromeOS-ზე იგი მეტად ფერადი გამოჩნდება, რათა სისტემის სხვა ხატულებს შეეხამოს; macOS-ზე ლოგოს პატარა ჩრდილი ექნება, რათა ფონთან შედარებით ამოწეული გამოჩნდეს; Windows 10-სა და Windows 11-ზე კი მას მეტად მკვეთრი გრადიენტი ექნება, რათა Windows-ის სხვა ხატულების სტილს მოერგოს.
ჰუს თქმით, ახალ ხატულას Chrome Canary-ის (Chrome-ის დეველოპერული ვერსია) გამოყენებისას იხილავთ, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში იგი ყველასათვის გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები