ჩინური ახალი წლის დადგომა ქვეყნის მარსის ორბიტერმა შთამბეჭდავი ვიდეოთი აღნიშნა
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Tianwen-1 მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომა განსხვავებულად აღნიშნა და დედამიწაზე მის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ვიდეო გამოგზავნა.
ორბიტერს, რომელიც ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტის გარშემო გადაადგილდება, დაგრძელებად მექანიკურ ხელზე "სელფებისთვის" განკუთვნილი სპეციალური კამერა აქვს დამონტაჟებული. ახალი კადრები მან სწორედ ამ ხელსაწყოს გამოყენებით დააფიქსირა და ამგვარად მიულოცა საზოგადოებას დღესასწაული, რომელსაც აზიის მრავალ ქვეყანაში ზეიმობენ.
ვიდეო თავად ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა. მასში ვხედავთ აპარატს, რომელიც ბნელი ცის ფონზე მოძრაობს. ობიექტივში მარსის ზედაპირიც მოხვდა, რომლისგანაც ორბიტერს ასობით კილომეტრი აშორებდა. აღსანიშნავია, რომ წითელი გრუნტის გარდა, კადრებში პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე მყინვარებიც მოჩანს.
შეგახსენებთ, რომ Tianwen-1 2020 წლის ივლისში გაუშვეს. მან დანიშნულების ადგილამდე თებერვალში მიაღწია და იქიდან მოყოლებული, ციურ სხეულს იკვლევს. მასთან ერთად გაგზავნეს მარსმავალი Zhurong-იც. ის ობიექტზე წარმატებით დაეშვა, რითაც ჩინეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს შეძლო.
კომენტარები