როგორ დავეხმაროთ კიბოს მკვლევრებს — თამაშით
სმარტფონით თამაშის დროს თქვენ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგიძლიათ — GENIGMA-ს თამაშით, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მკერდის კიბოს კვლევაში. Როგორ? თავსატეხების ამოხსნით, მომხმარებლები ქმნიან ახალ რუკებს, თუ როგორ შეიძლება მუტაციური გენების გავრცელება კიბოს უჯრედებში.
ეს რუკები ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს გენომის გამოკვლევისთვის. ამჟამად ასეთი რუკების ნაკლებობაა. მოთამაშე, ჩვეულებრივი თავსატეხების ამოხსნით, მეცნიერებს სწორედ ასეთი რუკების შექმნაში ეხმარება.
თამაში ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გენომის რეგულირების ცენტრის (CRG) მკვლევარები და თამაშების შემქმნელები მუშაობდნენ ამ პროექტის განვითარებაზე.
თავსატეხები მარტივია — თქვენ გადაადგილდებთ ნივთებს მანამ, სანამ არ მიიღებთ მაღალ ქულას. მეცნიერები მოთამაშეებისგან ბევრს არ ითხოვენ, უბრალოდ ამოხსენი მინიმუმ 50 თავსატეხი და შენ ამით მათ უკვე ეხმარები.
"მას, ვისაც აქვს სმარტფონი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, შეუძლია უფასოდ ჩამოტვირთოს GENIGMA და შეიტანოს საკუთარი წვლილი მნიშვნელოვან კვლევაში. GENIGMA გააანალიზებს მოთამაშეების მიერ მოწოდებულ გადაწყვეტილებებს, რაც საბოლოოდ რუკის შედგენაში აისახება", — თქვა ელიზაბეტა ბროგლიომ, CRG-ის მკვლევარმა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცხადი გახდა, რომ მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა არის მონაცემთა დიდი მოცულობა, რომელიც საჭიროებს გაანალიზებას. კომპიუტერებს სწრაფად მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ხშირად არ გააჩნიათ ის უნარები რაც ადამიანებს. სწორედ ამიტომ ხსენებული პროექტი მნიშვნელოვანია.
მომდევნო 90 დღის განმავლობაში გუნდი ყოველკვირეულ კამპანიას იწყებს. ყოველ ორშაბათს ისინი წარადგენენ გენომის ახალ ფრაგმენტებს T-47D მკერდის კიბოს უჯრედების ხაზიდან.
გენომის პირველი ფრაგმენტები იქნება მე-17 ქრომოსომიდან, რომელიც შეიცავს მკერდის კიბოსთან დაკავშირებულ გენების დიდ რაოდენობას, მათ შორის BRCA1-ს. ეს მუტაციები მემკვიდრეობით მკერდის კიბოს 40 პროცენტთან არის დაკავშირებული.
"თამაშის საშუალებით ადამიანები რუკების განახლებასა და ნავიგაციაში გვეხმარებიან. ეს მკერდის კიბოს კვლევის საშუალებას მოგვცემს", — ამბობენ პროექტზე მომუშავე მეცნიერები.
კომენტარები